მწვანე ეკონომიკა და სიღარიბის დაძლევა, ორივე ერთდროულად ვერ ხერხდება - ოთარ დანელია 

15 მაისი 2019, 11:40 206 ნახვა

დღეს ბათუმში, 9 ქვეყნის 40 დელეგატი პოლიტიკურ-ეკონომიკურ, სავაჭრო და გარემოს დაცვით საკითხებზე იმსჯელებენ და დისკუსიას გამართავენ. ბათუმის შერატონში, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის  საკომიტეტო სხდომები გაიხსნა. 

საერთაშორისო ფორუმი საპარლამენტო ასამბლეის გენერალური მდივანმა, ასაფ ჰაჯიევმა და ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტმა, საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა, ოთარ დანელიამ გახსნეს.

„ეკონომიკური მიმართულებით ჩვენ გვექნება რამდენიმე საინტერესო პროექტის პრეზენტაცია, მათ შორის, ენერგეტიკულ საკითხებთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, შავი ზღვა საკმაოდ საინტერესო რეგიონია და შესაბამისად, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ყველა იმ სტრატეგიული დატვირთვის მქონე საკითხის პრეზენტაცია, რომელსაც სჭირდება ამ ქვეყნების მხარდაჭერა. ამიტომ, ეს არის პლატფორმა და უნდა გამოვიყენოთ. რაც შეეხება მწვანე ეკონომიკას, გამოწვევები ძალიან დიდია და ბევრი პრობლემაა, თუმცა ერთი მხრივ უნდა გავითვალისწინოთ ის, რაც მწვანე ეკონომიკის მიმართულებით გასატარებელია და არ უნდა დაგვავიწყდეს ჩვენი სოციალური მდგომარეობა. ჯერ კიდევ რჩება გამოწვევად სიღარიბე, ამიტომ ორივე ერთდროულად ვერ ხერხდება, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ დიდი მხარდაჭერა გვაქვს დონორი ორგანიზაციების მხრიდან“, – განაცხადა ოთარ დანელიამ.

საპარლამენტო ასამბლეის საკომიტეტო სხდომების ფარგლებში, ოთარ დანელია დემოკრატიის განმტკიცებაში სახალხო დამცველის ინსტიტუტის როლზე მოხსენების პროექტს წარადგენს. დელეგატები ასევე გაეცნობიან მოხსენებას თემაზე – „მწვანე ეკონომიკა და ლურჯი განვითარება“, რომლის შესახებაც შესაბამის რეკომენდაციებს შეიმუშავებენ. ღონისძიების მონაწილეები წინა სხდომების ოქმებს დაამტკიცებენ და საორგანიზაციო საკითხებსაც განიხილავენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი