"მან კაიმაღი და სირცხვილი ერთად ჭამა" - თორნიკე რიჟვაძე მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე

14 მაისი 2019, 23:05 4930 ნახვა

"მან კაიმაღი და სირცხვილი ერთად ჭამა, ამიტომ, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ მას კაცურ პასუხს გავცემთ," - ასე გამოეხმაურა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე ექს-პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიუნხენში ემიგრანტებთან შეხვედრის დროს გაკეთებულ განცხადებებს.

მიხეილ სააკაშვილმა, დღეს პარლამენტის წევრი, ანზორ ბოლქვაძე 7 მაისს, სასტუმრო "ხულოდან" აქტივისტების გამოძევების მცდელობის გამო გააკრიტიკა. დეპუტატის ცოლის "ხულოს სამხატვრო გალერეაში" მუშაობის გამო კი, ის ნეპოტიზმსა და კორუფციაში დაადანაშაულა.  სააკაშვილმა ასევე წუხილი გამოთქვა იმის გამო, რომ არ აწუხებდა "დეპუტატის სუნი, როცა მის გვერდით იჯდა". 

"ფსიქიატრები რომ გაუქმდნენ ვიცი, მაგრამ ხულოს სამხატვრო გალერეა რა არის? სამხატვრო გალერეა და ხულო რა შუაში ერთმანეთთან? – განაცხადა სააკაშვილმა.  

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ სააკაშვილს შარლატანების ბელადი უწოდა.

"პირწმინდად აქვთ წაგებული არჩევნები ხულოში და ვერ აკონტროლებენ ვერც მათ საქციელს, ვერც მათ გამონათქვამებს, თუმცა, კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ მთიელი ხალხი არის ძალიან ვაჟკაცი ხალხი და დემოკრატიულად, მაგრამ ასევე კაცურად, გავცემთ ამ ყველაფერს პასუხს. 19 რიცხვში, პირობას ვდებ, ეს პოლიტიკური ძალა, გამომდინარე მათი პოლიტიკური წარსულიდან, გაფარჩაკდება საბოლოოდ და ჩვენ ამათ საბოლოოდ დავუსვამთ წერტილს.

ეს არის მართლაც შარლატანების ლიდერი, სინდიკატი აქვთ შექმნილი და უკვე აღარ იციან როგორ მიაყენონ ხალხს შეურაცხყოფა. მე ხულოს და ხულოელ ხალხთან ერთად ვაპირებ, რომ ძალიან ღირსეულად მოვიპოვოთ ეს გამარჯვება. დღეს მათ კავშირი ვერ იპოვეს სამხატვრო გალერეას და ხულოსთან, ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ეს ხალხი არის მიჩვეული ხალხის დამცირებას, ხალხზე ძალადობას. ეს არის კონკრეტული პოლიტიკური ძალა, რომელსაც არანაირი პასუხისმგებლობა არა აქვს. ამ ადამიანმა, თავისი პრეზიდენტობის დროს, ერთხელ უკვე ჭამა ძალიან დიდი სირცხვილი და ეს არის კიდევ ერთი სამარცხვინო გამონათქვამი" განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ. 

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში