რომელი კატეგორიის პედაგოგებს მოემატებათ სექტემბრიდან ხელფასი

13 მაისი 2019, 14:41 3822 ნახვა

საქართველოს განათლების მინისტრის განცხადებით, მიმდინარე წლის სექტემბრიდან უფროსის, წამყვანის ან მენტორის სტატუსის მქონე ყველა მასწავლებელს ანაზღაურება 150 ლარით და მეტით გაეზრდება.

მიხეილ ბატიაშვილის თქმით, ხელფასი მოემატებათ რესურსცენტრების ხელმძღვანელებს, სკოლების დირექტორებსა და ადმინისტრაციის თანამშრომლებს.

''განათლების სამინისტრო ზოგადი განათლების მიმართულებით ცვლილებების შემდეგ ეტაპს იწყებს. რეფორმის მიზანია სკოლებში ისეთი საგანმანათლებლო გარემოს ჩამოყალიბება, რომელიც მოსწავლეებს XXI საუკუნის გამოწვევების მისაღებად საჭირო ცოდნასა და უნარებს შესძენს. ამ მიზნის მისაღწევად კი აუცილებელია მაღალკვალიფიციური, მოტივირებული, თანამედროვე ცოდნით აღჭურვილი, ძლიერი მასწავლებლები, რომელთაც ღირსეული ანაზღაურება ექნებათ. ხელფასის ზრდა ყოველწლიურად გაგრძელდება და 2022 წლისთვის პედაგოგის საშუალო ანაზღაურება 1500 ლარს და მეტს გაუტოლდება,'' – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა. 

მინისტრის განცხადებით, პრაქტიკოსი მასწავლებლები, რომლებიც 2019 წლის ზაფხულში დაადასტურებენ მინიმალურ კომპეტენციას და სტატუსს აიმაღლებენ, ახალი სასწავლო წლიდან, ასევე გაზრდილ ანაზღაურებას მიიღებენ. 

პრაქტიკოს მასწავლებლებს, რომლებსაც უფროსი მასწავლებლის სტატუსის მისაღწევად მოთხოვნები ნაწილობრივ აქვთ შესრულებული, მიეცემათ შესაძლებლობა, აიმაღლონ სტატუსი დამატებითი კრედიტქულების მოპოვებით 2019 წლის ბოლომდე. მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებენ გაზრდილ და მზარდ  ანაზღაურებას.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სიახლეებთან დაკავშირებით საკანონმდებლო და საბიუჯეტო ცვლილებები განხორციელდება. 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში