„ბათუმი “ დიდი 10 -ის გამარჯვებული და საქართველოს ჩემპიონია

12 მაისი 2019, 21:58 2860 ნახვა

36:11 - ამ ანგარიშით, 17 წლიანი პაუზის შემდეგ, ბათუმის  სარაგბო კლუბი საქართველოს ჩემპიონია. შავიზღვისპირელებმა რუსთავის „ხარები“ დაამარცხეს. მატჩი, რუსთაველების მცირე უპირატესობით დაიწყო. ხვიჩა ბუჯიაშვილმა „ხარები“ მეოთხე წუთზე გატანილი ჯარიმით დააწინაურა. გაშვებული ჯარიმის შემდეგ ინიციატივა ბათუმელებმა მოიპოვეს და მამუკა ნინიძის 4 ზუსტი დარტყმის შედეგად ანგარიშით 12:3 დაწინაურდნენ. 27-ე წუთზე ხვიჩა ბუჯიაშვილმა მეორე ჯარიმაც გაიტანა და ანგარიშში სხვაობა 6 ქულამდე შეამცირა. ჯარიმას „ბათუმმა“ ლელოთი უპასუხა – ხარების ლელოში ანზორ სიჭინავამ შეაღწია, მამუკა ნინიძემ კი ზუსტად გარდასახა.

პირველი ტაიმი მასპინძლების სასარგებლოდ, ანგარიშით 19:6 დასრულდა.ბათუმელებმა კიდევ ერთი ლელო მეორე ტაიმის დასაწყისშივე მიითვალეს. ბურთი ზურაბ ერისთავმა დაამიწა. 49-ე წუთზე მასპინძლები რიცხვობრივ სიმცირეში დარჩნენ. მატჩის მთავარმა მსაჯმა ნიკოლოზ ამაშუკელმა „ბათუმის“ მესამეხაზელი საბა შუბითიძე სინ ბინში გაუშვა, თუმცა რუსთაველებმა უპირატესობა ვერ გამოიყენეს.

სამაგიეროდ, „ხარებმა“ ლელოს დადება საბა შუბითიძის დაბრუნებიდან 4 წუთში მოახერხეს. მიზანს რუსთაველთა გარემარბმა ლექსო მელიქიშვილმა უწია. ანგარიშში სხვაობა 13 ქულამდე შემცირდა. „ბათუმმა“ ლელოს ლელოთი უპასუხა, ხუთი ქულა გუნდს ნიკა ნინიძემ მოუტანა. ნიკა ამაშუკელმა ეპიზოდი ვიდეორეფერისთან გადაამოწმა და ლელო ჩათვალა. ნინიძემ მახვილი კუთხიდან გარდასახა. ბათუმელები 20 ქულით დაწინაურდნენ. ბოლო წუთზე ანზორ სიჭინავამ დუბლი შეასრულა და მატჩის საბოლოო შედეგი დააფიქსირა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში