რატომ ენანებათ ველომოყვარულებს ველობილიკების შესაღებად მილიონის მეოთხედი? 

08 მაისი 2019, 14:48 1533 ნახვა

​''მეოთხედი მილიონი არაფრისთვის! ველობილიკის ფერი მასზე მოძრაობის ხარისხს არ აუმჯობესებს,'' - ეს კომენტარი ბულვარის ადმინისტრაციის ფეისბუქ გვერდზე, ერთ-ერთმა მომხმარებელმა დაწერა. გამოხმაურება ველობილიკების წითლად შეღებვის თემას მოჰყვა.

ზღვისპირა პარკის ადმინისტრაციამ, ტურისტულ სეზონამდე, ბულვარის ველოტრასის მოწესრიგება დაიწყო, რისთვისაც 246 171 ლარს ხარჯავს. ამ თანხაში, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ მონოლითური ბეტონის დაზიანებული საფარი უნდა აღადგინოს, ასევე, ველოსიპედების ზოლში, ზებრა გადასასვლელები უნდა დახატოს. 

ბათუმელები სოციალურ ქსელში წერენ, რომ ფილების შეღებვის ნაცვლად, უმჯობესია ბილიკზე ბეტონის საფარი დაიგოს:  

''საერთოდაც, რაში მდგომარეობს ამ ხასხასა წითელი ფერის ლოგიკა? საღებავში ამდენი ფულის გადახდას, აჯობებდა ქვეითთა გადასასვლელებთან გაფრთხილების ნიშნები დაედგათ. აგრეთვე, კარგი იქნება თუ სამოძრაო ბილიკზე გაჩნდება წარწერები: "მხოლოდ ველოსიპედი" (Bikes only, no walking). ძალიან ხშირია შემთხვევა, როცა სტუმრებს ველობილიკი სასეირნო ზოლი ჰგონიათ.
მოკლედ, ამ თანხის ასე ჰაერზე გადაყრას ჯობდა შემდეგ საბიუჯეტო წელში ნამდვილი რეკონსტრუქცია მომხდარიყო''.

''ამ ბილიკის გადაღებვისთვის თანხის დახარჯვა ჰაერში გადაყრილი თანხაა. ვერ პასუხობს ვერც ერთ ნორმას, ის საერთოდ არ შეიძლება ჩაითვალოს ველოს, სკეიტბორდის ან როლიკების ბილიკად''.

''ისეთ ხასხასა წითელ ფერზეა რო ლამის მასტიკა მოვუსვა...  პ.ს.ისა და, ტენდერი რო რამოდენიმეჯერ, სამუდამოდ ჩავარდა ბეტონის ველობილიკის მოსაწყობად, ამ უკვე ამორტიზებული ფილების ნაცვლად ეგ? ალბათ 2020 წლის მერე ხო?! ''

 

ტენდერი ბილიკზე არსებული ფილების პიგმენტური ბეტონით ჩანაცვლების ტენდერი ორჯერ ჩავარდა. აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს, ბულვარის ადმინისტრაციაში უთხრეს, რომ 2018 წელს გამოცხადებულ ტენდერში, პირველ შემთხვევაში გამარჯვებულმა კომპანიამ ტექნიკური დოკუმენტაცია არ წარმოადგინა, მეორედ კი ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობა არავინ მიიღო. 

''2018 წლის მარტში, ველობილიკის რეაბილიტაციაზე 1 763 113 ათას ლარიანი ტენდერი გამოცხადდა. პროექტით დეკორატიული ფილების წითელი ფერის ბეტონის საფარით ჩანაცვლებას იგეგმებოდა. ტენდერში მონაწილე კომპანიამ დაზუსტებული დოკუმენტაცია დროულად არ წარმოადგინა, ამიტომ ''მონოლით 2005''-ს დისკვალიფიკაცია მიეცა. მაისში ისევ გამოცხადდა ტენდერი, თუმცა სამწუხაროდ მონაწილეობა არავის მიუღია.  პიგმენტირებულ საფარის უპირატესობა ისაა, რომ ყოველწლიურად შეღებვა არ დასჭირდებოდა და ფინანსებს დავზოგავდით,'' - ამბობს ბულვარის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი. 

ბულვარის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ ზღვისპირა პარკის განვითარებისა და კონსერვაციის გეგმაზე მუშაობენ. ამის შემდეგ იგეგმება ველობილიკების მდგომარეობის შესწავლა და სამუშაოების დაგეგმვა, თუმცა მიმდინარე წელს ვერ მოესწრება. 

''ბუვარის კონსერვაციის პროექტზე უახლოეს დღეებში ვაპირებთ ტენდერის გამოცხადებას. მომავალში უკვე კომპლექსურად, დოკუმენტზე დაყრდნობით მოხდება სამუშაოების განხორციელება'' - უთხრა მაუწყებელს მაგდა ჯაიანმა. 

ველობილიკებს წითლად მთელი ბულვარის პერიმეტრზე ღებავენ, სამუშაოები ქანდაკება „ალი და ნინო”-დან დაიწყო და ახალი ბულვარის ჩათვლით განხორციელდება.  

ზაირა ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში