სუს-ი მალხაზ მაჩალიკაშვილს ტერორისტული გზით, მკვლელობების დაგეგმვაში ადანაშაულებს

07 მაისი 2019, 17:10 2708 ნახვა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მტკიცებით, პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამას, ტერორისტული აქტის ორგანიზების გზით, რამდენიმე პირის მკვლელობა სურდა.

სუს-ში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ მცდელობა აღიკვეთა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ფარული ჩანაწერიც გაასაჯაროვა, რომელშიც მათივე მტკიცებით, მალხაზ მაჩალიკაშვილსა და მის ძმიშვილს შორის შედგა. 

მორის მაჩალიკაშვილი ამ დროისთვის გამოკითხვაზე იმყოფება.

''საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს იმ სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულ ცენტრში 2018 წლის 1 ივნისს დაიწყო და ამჟამადაც მიმდინარეობს ტერორისტული აქტის მომზადების და ტერორისტული მიზნით ცეცხლსასროლი იარაღის ან/და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 18,323-ე და 3231 მუხლებით. 

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ საქმეზე გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო ქალაქ თბილისში პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, 2018 წლის 31 მაისს მალხაზ მაჩალიკაშვილის მიერ საჯაროდ გაკეთებული მუქარის შემცველი განცხადება, რომლის თანახმადაც იგი და მასთან მყოფი პირები, რომლებსაც, მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადებით ფიცი ჰქონდათ მიცემული, მზად იყვნენ, შეეღწიათ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობაში და თავი აეფეთქებინათ'' - წერია სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

სუს-ში ირწმუნებიან, რომ ტერორისტული აქტის დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ზემო მაჩხაანში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი პირველი მოადგილის, იოსებ გოგაშვილის მამის საფლავზე იგეგმებოდა.

​''გამოძიების ამ ეტაპზე მოპოვებული მტკიცებულებებით, უტყუარად დასტურდება, რომ 2019 წლის 23 მარტს უშუალოდ მალხაზ მაჩალიკაშვილმა მისცა მითითება მორის მაჩალიკაშვილს, რათა ეს უკანასკნელი ჩამოშორებულიყო  ყველა სხვა საქმიანობას და ემუშავა მხოლოდ ერთ პიროვნებაზე - იოსებ გოგაშვილზე. მორის მაჩალიკაშვილს უნდა დაედგინა იოსებ გოგაშვილის საცხოვრებელი მისამართები, გადაადგილების მარშრუტები და, აგრეთვე, გამგზავრებულიყო სოფელ  ზემო მაჩხაანში სასაფლაოზე, რათა დაედგინა იოსებ გოგაშვილის მამის საფლავის ადგილმდებარეობა და გადაეღო ფოტოები, ხოლო მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე მალხაზ მაჩალიკაშვილი დაგეგმავდა სხვა ქმედებებს'' - აცხადებენ სუს-ში. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი