კახა ბუხრაძის განცხადება

14 მარტი 2017, 20:00 825 ნახვა

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსი კახა ბუხრაძე „ცილისწამებას“ უწოდებს ბრალდებას, თითქოს აჭარის რეგიონის მცხოვრებლებს „თათრები“ უწოდა.
    კახა ბუხრაძემ მის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებთან დაკავშირებით „ინტერპრესნიუსთან“ ისაუბრა.
    „ვინც მე მიცნობს, წამითაც არ დაუშვებს იმას, რომ შეიძლებოდა მსგავსი რამ მეთქვა ან გამეფიქრა. ამის მოგონება და მერე ამით აპელირება ღალატია. სამარცხვინო იყო ამის დაბრალება ჩემთვის“, - განაცხადა კახა ბუხრაძემ . 
 „საპატრულო პოლიცია  ზედმიწევნით კანონის ფარგლებში მოქმედებდა“, - განაცხადა აჭარის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსმა  კახა ბუხრაძემ.
   კითხვაზე, რამდენად საფუძვლიანია რეგიონის მოსახლეობის ბრალდება იმის თაობაზე, რომ  დაჯარიმების ფაქტები გახშირდა, ასევე,  გადაამეტეს თუ არა თავის უფლებამოსილებას სამართალდამცველებმა, კახა ბუხრაძემ აღნიშნა, რომ „საზოგადოების განწყობა და მოთხოვნაცაა, რომ საპატრულო პოლიცია, კანონდარღვევის შემთხვევაში, მაქსიმალურად ქმედითი და სამართლიანი იყოს  და მოქმედებდეს მკაცრად, თუმცა კანონის სრული დაცვით“.
„ არავინ დგას კანონზე მაღლა და კანონის წინაშე ყველა თანაბრად ვაგებთ პასუხს.   ჩვენი ვალია,  დავიცვათ კანონი და უზრუნველვჰყოთ მოქალაქეების მაქსიმალური უსაფრთხოება. ეს შემიძლია გიპასუხოთ“, - განაცხადა კახა ბუხრაძემ სააგენტო „ ინტერპრესნიუსთან“ საუბარისას. 

ამავე კატეგორიაში