პანკისში სროლის ხმა ისმის /live/

21 აპრილი 2019, 14:35 2031 ნახვა

პანკისის ხეობაში პოლიციამ დამატებითი ძალები გადაისროლა, რასაც ადგილობრივი მოსახლეობის აღშფოთება მოჰყვა. მოსახლეობა და სამართალდამცევები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ისვრიან რეზინის ტყვიებს, ასევე გაუშვეს ცრემლსადენი გაზი. მოსახლეობა ჯოხებითა და ქვებით იბრძვის სამართალდამცავების წინააღმდეგ.

ძიბახევის მიმართულებით ორმხრივი სროლაა, პოლიციას სპეციალური საპოლიციო ტექნიკა ძალით შეჰყავს. პარალელურად კი შინაგან საქმეთა მინისტრი მოსახლეობის ნაწილს ხვდება თელავში, პოლიციის შენობაში. 

 

<

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ეკონომიკის სამინისტროს მიმართვის საფუძველზე, ხეობაში დიდი რაოდენობით პოლიცია და სპეცრაზმი დღეს დილით შეიყვანა. მოსახლეობის პროტესტის შემდეგ ჰესის მშენებელი კომპანიის ტექნიკამ მუშაობა შეაჩერა.

ჰესის სამშენებლო სამუშაოები განახლებამდე და პოლიციის შესვლამდე, 18 აპრილს, პანკისის ხეობაში იმყოფებოდნენ საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და ნათია თურნავა, რომელიც იმავე საღამოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრად დაინიშნა.

პანკისის ხეობაში ჰესის მშენებლობა გასული წლის ივნისში მოსახლეობამ შეაჩერა.

პანკისის ხეობაში მესამე ჰესს კომპანია „ალაზანი ენერჯი“ აშენებს. „ხადორი 3“–ის მშენებლობის დასრულება 2019 წლის დეკემბრამდეა დაგეგმილი.

ამავე კატეგორიაში