ბარცხანის ხიდის მცირე მონაკვეთი ჩამოიშალა

18 აპრილი 2019, 00:00 13687 ნახვა

ბარცხანის ხიდზე ასფალტის საფარი რამდენიმე ადგილას დაზიანებულია. გუშინ, 17 აპრილს კი, ხიდის მცირე მონაკვეთი ჩამოიშალა და მოქალაქე ყვება, რომ მოულოდნელად ავტომობილის საბურავით ორმოში გაეჭედა. 

აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან  გოჩა ტრაპაიძე იხსენებს, რომ შემთხვევის დროს დაშავდა მისი მეგობარი და ასევე დაზიანდა მანქანა. 

''მოვდიოდით ჩვეულებრივად, არაფერი არ იყო, ხიდზე გადმოსვლის დროს კი უცებ ჩატყდა და მანქანა ჩავარდა. დავზარალდით, ჩემმა მეგობარმა, რომელიც მანქანაში იყო თავი დაარტყა. მეტი უბედურება რა გინდა 21 საუკუნეში, ხიდზე, რომ ავტომობილით ჩავარდები. დაზიანებული მონაკვეთები ჩანს და კიდევ ბევრი ადგილას გამოჩნდება. აკეთებენ მხოლოდ იმ ადგილს, სადაც ჩემი ავტომობილი ჩავარდა, მაგრამ ამით პრობლემა არ გვარდება. აქ ყოველდღიურად ტრაილერები დადიან, ტონობით ტვირთი გააქვთ. მოსახლეობა ხიდის რეაბილიტაციას ითხოვს,'' - უთხრა მაუწყებელს გოჩა ტრაპაიძემ.

ე.წ. ბარცხანის ხიდი კომუნისტების დროს აშენდა და კაპიტალური რეაბილიტაცია არ ჩატარებია. 

ბათუმის მერიამ ელექტრონული ტენდერი ორჯერ გამოაცხადა, თუმცა ორივე ჩავარდა. საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველო დაინტერესებულ კომპანიებს ხიდის სარეაბილიტაციოდ (დღგ-ს გათვალისწინებით) 778 140 00 ლარს სთავაზობდა, მაგრამ მსურველი კომპანია არ გამოჩნდა.

მაუწყებელი მერიას დაუკავშირდა და აზუსტებს, როდის შეძლებს ქალაქის თვითმმართველობა ხიდის რეაბილიტაციის პროცესის დაწყებას.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში