კიდევ ერთი ჩხუბი ბათუმის საკრებულოში - დაშავებულია დეპუტატი

12 აპრილი 2019, 00:00 4481 ნახვა

ბათუმის საკრებულოში სხდომაზე სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს. მედიკოსების დახმარება ''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' წევრს დასჭირდა, რომელიც ფიზიკური დაპირისპირების დროს დაშავდა. როინ ზოიძე სამედიცინო დაწესებულებაში გადაჰყავთ.

ფიზიკური დაპირისპირება და კამათი ბათუმში ტერენტი გრანელის ბიუსტის დადგმის საკითხის განხილვისას, ​''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' წევრის მირდატ ქამადაძის კითხვას მოჰყვა. 

დეპუტატმა განათლების კომისიის თავმჯდომარეს ჰკითხა, ტერენტი გრანელი პოეტი იყო თუ პროზაიკოსი?

მოხსენების წარდგენისას კომისიის თავმჯდომარემ თქვა, რომ ს ქალაქში პროზაიკოსის ბიუსტის დადგმას გეგმავდნენ.

''კითხვა დავსვი, განმარტებით ბარათშიც უწერია და მოხსენების დროსაც თქვა, რომ დიდ პროზაიკოსს ვუდგამთ ბიუსტსო. ვკითხე პროზაიკოსია თუ პოეტი? ან დამისახელე ერთი პროზაული ნაწარმოებითქო. ამას მოჰყვა აგრესია, იმიტომ, რომ არ აქვს ინტელექტი ადამიანს და გადმოდის აგრესიაზე'' - თქვა ჟურნალისტებთან ''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' წევრმა. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება სისიხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

საკრებულოს წევრებმა დღეს ორჯერ იჩხუბეს. ფიზიკური დაპირისპირება, პირველ შემთხვევაში მერიის შპსეებიდან ინფორმაციის გამოთხოვის საკითხს მოჰყვა. 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში