ნეშტების დაკრძალვის თარიღი დნმ-ის ანალიზის ჩატარებამდე გადავადდება - ზურაბ ქათამაძე

11 აპრილი 2019, 00:00 1842 ნახვა

''დაკრძალვის თარიღი დნმ-ის ჩატარებამდე გადავადდება'' - უთხრა აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს ზურაბ ქათამაძემ, რომელიც მთავრობის თავმჯდომარესთან გამართულ შეხვედრაზე იმყოფებოდა. იგი ამბობს, რომ დაპირება თორნიკე რიჟვაძისგან მიიღეს. 

რეპრესიების დროს, 1937-38 წლებში, დახვრეტილი მოქალაქეების ოჯახის წევრები ყვება, რომ რეგიონის ხელისუფლების წარმომადგენლებთან სწორედ ეს მოთხოვა ჰქონდათ. მოქალაქეებს სურდათ, დნმ-ის ანალიზი ჩატარებამდე ნეშტების დაკრძალვის პროცესი შეჩერებულიყო. 

''ყველაფერი დნმ-ის ანალიზზეა დამოკიდებული, სურდათ 21 აპრილს დაეკრძალათ. ასე თუ მოხდებოდა შემდეგ უკვე ვერაფერს გავიგებდით. გვაინტერესებდა აიღებდა თუ არა სახელმწიფო თავზე დნმ-ის კვლევის ჩატარების საკითხს. მტავრობის თავმჯდომარემ თქვა, რომ ყველაფერი მოგვარდება'' - ამბობს ზურაბ ქათამაძე. 

შეხვედრაზე მყოფი კიდევ ერთი პირი ამბობს, რომ თორნიკე რიჟვაძე მუსლიმებს საკითხის გარკვევას დაჰპირდა. 

''მეც იგივეს გავიმეორებ, ჩვენი მოთხოვნა იყო, რომ გაკეთდეს დნმ-ის ანალიზი, გავიგოთ ვინ ვინ იყო, არის თუ არა ჩვენი აღმსარებლობის. მოგვცეს პირობა, რომ ყველაფერი იქნება გარკვეული, უბრალოდ თქვეს დრო გვჭირდებაო. 21 აპრილი გადაიხედებაო. 21 აპრილამდე ვერ მოესწრება და ალბათ გადაიდებაო. საპრეტენზიო არაფერი გვაქვს, მადლობას ვეუბნებით იმ ხალხს, ვინც ეს აღმოაჩინა''. 

აჭარის მთავრობაში დახურულ შეხვედრაზე თემურ ბერიძეც იმყოფებოდა. აჭარის მაუწყებელს მან უთხრა, რომ პროცესი დაპირისპირების გარეშე მოგვარდება. 

''დაპირისპირების გარეშე უნდა მოგვარდეს ეს პროცესი. ჩვენ ძმები ვართ და ჩვენი შვილებიც ასე იქნებიან. აქ დასაპირისპირებელი არაფერია. სადაო საკითხი არ არის'' - ამბობს თემურ ბერიძე. 

აჭარის მთავრობაში გამართულ შეხვედრას სრულიად საქართველოს მუფთი ბეგლარ ქამაშიძეც ესწრებოდა. 

სტალინური რეპრესიების დროს დახვრეტილი 150-მდე ადამიანის ნეშტის პოვნის შესახებ ინფორმაცია,  ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ 5 აპრილს გაავრცელა.  ისტორიკოსები, რომლებიც აჭარაში რესპრესირებულთა საქმეს იკვლევდნენ, ამბობენ, რომ უმრავლესობა მუსლიმი იყო. ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ცნობით, ოთხ სამაროვანში 150-მდე ნეშტი უწესრიგოდ იყო დამარხული. 21 აპრილს ეპარქია გარდაცვლილთა ნეშტების პატივით დამარხვას გეგმავდა. 

რეპრესირებულთა ოჯახის წევრები დნმ-ის ანალიზი ჩატარებას ითხოვენ. 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი