ქართველმა სპორტსმენმა რეკორდი დაამყარა

08 აპრილი 2019, 00:00 1454 ნახვა

ბათუმში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ძალოსანთა ნაკრების წევრმა გოგა ჩხეიძემ, ორჭიდში ბრინჯაოს, აკვრაში კი ვერცხლის მედალი მოიპოვა და 23-წლამდელთა შორის ევროპის სამი რეკორდიც დაამყარა.

67 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე 22 წლის ქართველმა ძალოსანმა პირველი რეკორდის დამყარება ატაცში შეძლო, სადაც სამიდან სამივე ცდა წარმატებით გამოიყენა (132; 136;139). სარეკორდო მესამე მისვლა გამოდგა. ჩხეიძისთვის აკვრაში მწვრთნელების გადაწყვეტილებით 165 კილოგრამით დაიწყო, რაც ამავე ასაკში ევროპის რეკორდის გამეორება იყო. რეკორდები მეორე მისვლაზე დამყარდა ჩხეიძემ 169 კილოგრამი აკრა და როგორც აკვრაში ასევე ორჭიდის ჯამში 23-წლამდელთა შორის ევროპის კიდევ ორი რეკორდი დაამყარა. გოგამ მესამე ცდა 173 კილოგრამი ვეღარ დასძლია და აკვრაში ვერცხლის, ორჭიდში კი ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა.

შეგახსენებთ, რომ ბათუმის სპორტის სასახლეში მიმდინარე ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს კიდევ ერთი მედალი შოთა მიშველიძემ მოუტანა. 7 აპრილს 61 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქუთაისელმა ათლეტმა ატაცის ოქროს მედალი აიღო.

ხვალ, ფიცარნაგზე კიდევ ორი ქართველი ძალოსანი გავა. „ც“ ჯგუფში დილის 11:00 საათზე დაიწყებს ასპარეზობას მაკა ვეფხვაძე 64 კგ-ში „ბ“ ჯგუფში იასპარეზებს არჩილ მალაყმაძე 73 კგ-ში რომელიც ფიცარნაგზე 15:30 საათიდან გავა.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში