რა ბედი ელით ქართველებს ესპანეთში?

07 აპრილი 2019, 00:00 1438 ნახვა

სამი დღის წინ, ესპანეთში,  ქალაქ ბარსელონაში, საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის შედეგად, ქართველი სამართალდამცველების მონაწილეობით მასშტაბური სპეცოპერაცია  ჩატარდა, რომელშიც 250 სამართალდამცველი მონაწილეობდა. როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვლადიმერ ბორცვაძემ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულია სხვადასხვა ქვეყნის 100-ზე მეტი მოქალაქე, მათ შორის საქართველოს 25 მოქალაქე, რომლებსაც ბრალად საცხოვრებელი ბინების ქურდობა და ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრობა ედებათ.

მისივე ინფორმაციით, გარდა ამისა, ადმინისტრაციული წესით, საიმიგრაციო წესების დარღვევისთვის დაკავებულია საქართველოს 41 მოქალაქე. სპეცოპერაცია ბარსელონაში მდებარე ერთ-ერთი ყოფილი სკოლის შენობაში განხორციელდა, რომლის ნაწილიც კრიმინალური დაჯგუფებების წევრებს უკანონოდ ჰქონდათ დაკავებული.  სპეცოპერაციასთან ერთად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე,  განხორციელდა ამავე შენობაში უკანონოდ შესახლებული ყველა სხვა პირის გამოსახლება.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებითვე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სამართალდამცველებმა დაკავებულების საცხოვრებელ ბინებში ჩაატარეს ჩხრეკა, რომლის შედეგადაც ნივთმტკიცებად ამოიღეს   ნაქურდალი ნივთები და დიდი ოდენობით ფული.

ამავე კატეგორიაში