საქართველოს 25 მოქალაქე ესპანეთში ბინების ქურდობისთვის დააკავეს

04 აპრილი 2019, 00:00 1582 ნახვა

ქართველმა და ესპანელმა სამართალდამცველებმა,  ბარსელონაში მასშტაბური სპეცოპერაცია ჩაატარეს.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ვლადიმერ ბორცვაძის ინფორმაციით,  სპეცოპერაცია "მერლინ-ტაკა“ დღეს, 4 აპრილს, ბარსელონაში ჩატარდა.  

სპეცოპერაციაში 250 სამართალდამცველი მონაწილეობდა. დაკავებულია სხვადასხვა ქვეყნის 100-ზე მეტი მოქალაქე, მათ შორის საქართველოს 25 მოქალაქე, რომლებსაც ბრალად საცხოვრებელი ბინების ქურდობა და ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრობა ედებათ.

„გარდა ამისა, ადმინისტრაციული წესით, საიმიგრაციო წესების დარღვევისთვის დაკავებულია საქართველოს 41 მოქალაქე.

სპეცოპერაცია განხორციელდა ბარსელონაში მდებარე ერთ-ერთი ყოფილი სკოლის შენობაში, რომლის ნაწილიც კრიმინალური დაჯგუფებების წევრებს უკანონოდ ჰქონდათ დაკავებული. აღნიშნული ღონისძიების პარალელურად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ასევე განხორციელდა ამავე შენობაში უკანონოდ შესახლებული ყველა სხვა პირის გამოსახლება.

მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სამართალდამცველებმა დაკავებულების საცხოვრებელ ბინებში ჩაატარეს ჩხრეკა, რომლის შედეგადაც ნივთმტკიცებად ამოიღეს დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ნაქურდალი ნივთები და დიდი ოდენობით ფული.

გამოძიებით დადგინდა, რომ კრიმინალური დაჯგუფების წევრები ბინებს წინასწარ არჩევდნენ, მოიპოვებდნენ და ამუშავებდნენ მონაცემებს შერჩეული ობიექტების შესახებ, რის შემდგომაც ორგანიზებულად სჩადიოდნენ ქურდობის ფაქტებს.

აღსანიშნავია, რომ დანაშაულის გამოვლენის, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების, მათი კავშირების დადგენისა და ოპერაციის დაგეგმვასა და ჩატარებულ მასშტაბურ სპეცოპერაციას, წინ უძღოდა ერთწლიანი ოპერატიულ-საგამოძიებო სამუშაოები ესპანეთსა და საქართველოში“ - განაცხადა მინისტრის მოადგილემ ბრიფინგზე.

ამავე კატეგორიაში