იყენებენ თუ არა სამარტოო საკნებს პატიმრების დასასჯელად?

04 აპრილი 2019, 00:00 2319 ნახვა

ძალადობა, ზიზღი და პროვოცირება ციხის ადმინისტრაციის მხრიდან, 4 პატიმრის ამ ბრალდებებს სპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებით გამოეხმაურა, სადაც უწყება ძალადობის აღნიშნულ ფაქტებს კატეგორიულად უარყოფს.

"დაწესებულების ადმინისტრაციის მხრიდან ადგილი არ ჰქონია მსჯავრდებულების მიმართ რაიმე სახის უფლებების დარღვევას. გიორგი მარსაგიშვილი და მისი თანამესაკნეები მუდმივად უარს აცხადებენ დაწესებულების შინაგანაწესისადმი დამორჩილებაზე და გადაძახილების მეშვეობით იგივეს მოუწოდებენ სხვა მსჯავრდებულებსაც," - წერია უწყების საპასუხო განცხადებაში, რომლიც აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს გამოუგზავნეს.  

ვიდრე სპეციალური პენიტენციური სამსახური ციხის ადმინისტრაციის მიმართ მძიმე ბრალდებების შესახებ გააკეთებდა განმარტებას, უპირველესად  მომჩივანთა მიერ ჩადენილ დანაშაულებებზე ამახვილებს ყურადღებას. ამბობენ, რომ ისინი არიან ყაჩაღობისთვის, ადამიანის განზრახ მკვლელობისთვის, იარაღის უკანონო ტარებისა და ნარკოდანაშაულისთვის მსჯავრდებულები.  

"სასჯელს იხდიან მაღალი რისკის დაწესებულებაში, რომელიც სხვა დაწესებულებებთან შედარებით მკაცრი რეჟიმით ხასიათდება.  მარსაგიშვილი გამოირჩევა განსაკუთრებით აგრესიული ქმედებებით, როგორც დაწესებულების თანამშრომლების, ასევე მედპერსონალის მიმართ. ზემოთჩამოთვლილი ქმედებების გამო მსჯავრდებულს არაერთხელ აქვს დაკისრებული დისციპლინური სახდელი, რაც გამოიხატება სამარტოო საკანში მოთავსებაში, ასევე პაემნების, ან სატელეფონო საუბრების დროებით შეზღუდვაში" - წერია განცხადებაში. 

პატიმრების ბრალდებებს, რომ სამარტოო კამერებს, ასევე ახლობლებთან პაემნებსა და ტელეფონზე დაკავშირების შეზღუდვას მათი დასჯისთვის იყენებენ, სპეციალური პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს. 

"მსჯავრდებულების რისკს განსაზღვრავს მულტიდისციპლინური ჯგუფი, რომლის შემადგენლობაში შედიან სოცმუშაკი, ფსიქოლოგი, სამართლებრივი რეჟიმისა და უსაფრთხოების განყოფილების თანამშრომელი. რისკის გადაფასება ხდება წელიწადში ერთხელ და გადაწყვეტილებას ჯგუფი რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით იღებს, რომელთა შორის უმნიშვნელოვანესია პატიმრის ქცევა. ამდენად, თითქოს პატიმრებისთვის რისკის დამძიმება დაწესებულების ადმინისტრაციის მიერ მიზანმიმართულად ხდება, სიმართლეს არ შეესაბამება". 

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელი პაატა დიასამიძემ კი აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებლის ეთერში განაცხადა, რომ სამარტოო და დეესკალაციის საკნების ხშირი გამოყენება ბადებს ეჭვს, რომ შესაძლოა მას დასჯისთვის იყენებდნენ. 

"დეესკალაციის ოთახი, ეს არის ერთ-ერთი ძირითადი პრობლემა პენიტენციალურ დაწესებულებაში. ამ საკანში პატიმრის განთავსება მაშინ ხდება, როცა პატიმარი თვითდაზიანებას იყენებს, შესაძლოა სხვა დააზიანოს ან არაადეკვატური იყოს მისი ქცევა. დაუშვებელია პატიმრის ამ ოთახში გადაყვანა დასჯის მიზნით, თუმცა სახალხო დამცველის ანგარიშში მოხვდა გაზრდილი სტატისტიკა ამ საკანში მსჯავრდებულების გადაყვანის შესახებ, რაც ცალსახად ადასტურებს იმას, რომ ეს დასჯის მიზნით ხდება.." - ამბობს პაატა დიასამიძე. 

პატიმრების საჩივარში საუბარია კიდევ ორ საკითხზე, რაშიც წინააღმდეგობაში მოდიან სპეციალური პენიტენციური სამსახური, მესამე სექტორის წარომადგენელი და პატიმრები.  

მსჯავრდებულები ყვებიან, რომ ვენტილაცია ითიშება ღამით ყველა საკანში. ასევე, ღირსება ელახებათ, როცა უნიტაზი ხვდება სათვალთვალო კამერის არეალში, ოთახი კი იზოლირებული არ არის. ასევე, უწყლობის დროს მძიმე სანიტარული გარემო იქმნება. 

საიას იურისტიც ამბობს, რომ "დადასტურებულია ვენტილაციის პრობლემის საკითხი, ასევე ის ფაქტი, რომ უნიტაზები ხვდება სათვალთვალო კამერების არეალში. ამ ფაქტს კატეგორიულად უარყოფს პენიტენციალური უწყება. 

"სიცრუეა ისიც, თითქოს უსაფრთხო (დეესკალაციის საკნებში) და სამარტოო საკნებში სათვალთვალო ვიდეოკამერის ხედვის არეალში ხვდება ტუალეტის ნიჟარა" - წერს სპეციალური პენიტენციური სამსახური. 

"როცა სველი წერტილი არის პატარა ოთხში, სადაც არ ხდება წყლის მიწოდება და ვენტილაცია, პატიმრებს არაადამიანურ პირობებში უწევთ სასჯელის შემდგომი მოხდა. საპირფარეშოს ნიჟარა კი ხვდება კადრში, შემდეგ პატიმრებს განუმარტავენ, რომ ამ ჩანაწერს შლიან, მაგრამ ის მაინც ხვდება კადრში. ამას კრძალავს როგორც ზოგადი სტანდარტი, ასევე პატიმრობის კოდექსი, მსგავსი შემთხვევა ხდებოდეს პენიტენციალურ დაწესებულებებში," - ამბობს საიას იურისტი პაატა დიასამიძე. 

ამავე კატეგორიაში