ჭიდაობის ფედერაცია ზურაბ დათუნაშვილს პასუხობს

30 მარტი 2019, 00:00 984 ნახვა

ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს, - როგორც ფედერაციის ოფიციალურ „ფეისბუკგვერდზე“ განთავსებულ განცხადებაშია აღნიშნული.„ სიცრუეა სპორტსმენის სიტყვები, თითქოს მან ფედერაციისგან მიიღო პასუხი, რომ სხვა ქვეყნის სახელით ასპარეზობის უფლება არ მიეცემა და ამის თვითნებურად გაკეთების შემთხვევაში, დაისჯება ორწლიანი დისკვალიფიკაციით.

ზურაბ დათუნაშვილმა 23 თებერვალს გამართულ პრეზიდიუმის სხდომაზე პირადად მოისმინა, რომ ფედერაცია ტიტულოვანი სპორტსმენის სხვა ქვეყანაში წასვლას არასოდეს დაუჭერდა მხარს და ამ საკითხს არც კი განიხილავდა. ჭიდაობის ეროვნულ ფედერაციას დათუნაშვილის გაშვება-არგაშვების თემაზე არ უმსჯელია და არც დათუნაშვილისთვის უცნობებია რამე.

რაც შეეხება დისკვალიფიკაციის თემას, მსოფლიო ჭიდაობის გაერთიანების წესდების თანახმად, თუ ერთი ქვეყნის ნაკრების წევრი თვითნებურად გადაწყვეტს სხვა ქვეყნის ნაკრებში გადასვლას, ისჯება ორწლიანი დისკვალიფიკაციით. ზურაბ დათუნაშვილის შემთხვევაშიც, თუკი წესი დაირღვევა, სანქციას დააწესებს მსოფლიოს ჭიდაობის გაერთიანება და არა საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია“, - ნათქვამია განცხადებაში.

ამავე კატეგორიაში