''ბათუმის წყლის'' პასუხი ტენდერის კანონდარღვევით ჩატარების ბრალდებაზე

28 მარტი 2019, 00:00 1375 ნახვა

გუშინ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გავიდა მასალა, სადაც კომპანია „ემ პი ერ“-ის დირექტორი და ტრენერი კომუნიკაციების მიმართულებით აცხადებდა, რომ ''ბათუმის წყლის'' მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კანონდარღვევით შეარჩიეს. ნათია სირაბიძის თქმით, გამარჯვებულ კომპანიას გამოცდილება არ ჰქონდა, ტენდერის შედეგების გამოცხადების დღეს იყო რეგისტრირებული, ამასთან არ გააჩნდა კანონმდებლობით მოთხოვნილი ელექტრონული ხელმოწერა. 

ტენდერში მონაწილე ტრენერის პრეტენზიებს ''ბათუმის წყალში'' გუშინ არ უპასუხეს. დღეს კი კომპანიამ ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე განცხადება გაავრცელა. 

განცხადებაში აღნიშნულია, რომ აუქციონის გარეშე ელექტრონულ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასი  ამხანაგობა „მილენიალები 5''-მა დააფიქსირა. 15 მარტს სატენდერო კომისიამ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში განთავსებული წინადადების, სატენდერო პირობებთან შესაბამისობის საკითხი განიხილა. 

''ბათუმის წყლის'' განმარტებით, სატენდერო კომისიამ რამდენიმე ტიპის ხარვეზი გამოავლინა, თუმცა კომისიის წევრებმა მიიჩნიეს, რომ ტექნიკური დოკუმენტაცია დაზუსტებას ექვემდებარებოდა.

კომისიის ოქმით ამხანაგობა ,,მილენიალები 5''-ს  დაევალა სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში წარმოედგინა: 
1) დანართი #1, დამოწმებული ელექტრონული ხელმოწერით ან/და დასმული კვალიფიციური ელექტრონული შტამპით;  
2) მომსახურების ტექნიკური დავალება, დანართი #2; 
3) ინფორმაცია სატრენინგო მომსახურების გამოცდილების შესახებ, არაუგვიანეს 2019 წლის  19 მარტისა.

''განხილვის შედეგად, სატენდერო კომისიამ აღნიშნა, რომ პრეტენდენტი ვალდებულია სატენდერო წინადადებასთან ერთად ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთოს ინფორმაცია სატრენინგო მომსახურების გამოცდილების შესახებ. პრეტენდენტს 2016 წლის 1 იანვრიდან 2019 წლის 1 მარტამდე პერიოდის განმავლობაში უნდა ჰქონდეს არანაკლებ 3 მსგავსი თემატიკის სატრენინგო მომსახურების შესრულების გამოცდილება. პრეტენდენტმა სისტემაში სხვა ტექნიკურ დოკუმენტაციასთან ერთად უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია მსგავსი თემატიკის სატრენინგო მომსახურების გამოცდილების შესახებ და ამ მომსახურების გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები. 

აღნიშნული ინფორმაცია ამხანაგობა ,,მილენიალები 5''-ის  მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში არ არის წარმოდგენილი, რაც არ შეესაბამებოდა სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ მოთხოვნებს. 

ასევე, შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთულ სატენდერო წინადადებაზე ან მის შემადგენელ დოკუმენტზე, უნდა იყოს შესრულებული კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და დასმული უნდა იყოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპი. ამხანაგობა ,,მილენიალები 5’’-ის მიერ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში წარმოგენილ შესასრულებელი მომსახურების აღწერილობა და ხარჯთაღრიცხვაზე არ იყო შესრულებული კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და დასმული კვალიფიციური ელექტრონული შტამპი, რაც არ ასევე შეესაბამებოდა სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ მოთხოვნებს. 

სატენდერო კომისიამ იმსჯელა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და მიიჩნია, რომ ამხანაგობა ,,მილენიალები 5''-ის მიერ ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტება არ გამოიწვევდა ტექნიკური დოკუმენტაციის არსებით ცვლილებას ან/და სატენდერო წინადადების ფასის გაზრდას'' - წერია განცხადებაში. 

''ბათუმის წყალი’’-ის ინფორმაციით, პრეტენდენტმა მითითებულ ვადაში დოკუმენტები წარმოადგინა. სატენდერო კომისიამ 2019 წლის 22 მარტის მიიჩნია, რომ ამხანაგობა ,,მილენიალები 5''-ის მიერ წარმოდგენილი დაზუსტებული ტექნიკური დოკუმენტაცია ტენდერის პირობებთან შესაბამისობაში იყო და ის გამარჯვებულად გამოცხადდა. 

 

განცხადება სრულად იხ. ლინკზე : https://bit.ly/2UhJEXQ

ამავე კატეგორიაში