ელექტრომობილების მფლობელები უწყვეტი საყვირებით ყურადღების მიქცევას ცდილობენ 

27 მარტი 2019, 00:00 2436 ნახვა

კვადროციკლებისა და ელექტრომობილების მფლობელები ბათუმის დრამატულ თეატრთან არიან შეკრებილები, უწყვეტი საყვირებით კი მამუკა ბახტაძის ყურადღების მიქცევას ცდილობენ. ამბობენ, რომ დღეს საქართველოს პრემიერ მინისტრი ბათუმში ჩამოდის, ის თეატრის ახალი შენობის გახსნას დაესწრება, პროტესტის ამ ფორმით კი სწორედ მამუკა ბახტაძემდე მათი პრობლემის მიტანა სურთ. 

ისინი თავდაპირველად ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე შეიკრიბნენ და ზღვისპირა პარკში მსვლელობა მოაწყვეს, მოგვაინებით კი თეატრთან მივიდნენ.

''იქნებ პრემიერი მაინც დაგვეხმაროს, ერთი სეზონი მუშაობის უფლება მოგვცენ'' - ამბობენ ელექტრომობილის მეპატრონეები. 

მოტოციკლების, კვადროციკლებისა და ელექტრომობილების მეპატრონეების მოთხოვნები უცვლელია. 6 პუნქტიანი გეგმა აჭარის მთავრობაში უკვე შეიტანეს, სადაც საკრებულოსთან შუამდგომლობას დაპირდნენ. ამბობენ, რომ 20 მარტის შემდეგ კომუნიკაცია არ ჰქონიათ. ისინი აქციებს პერიოდულად მართავენ. ირწმუნებიან, რომ ელექტრომობილების რაოდენობას შეამცირებენ, სიჩქარეს დაარეგულირებენ და მოქალაქეების უსაფრთხოებაზე იზრუნებენ. 

რეგულაციების გამკაცრების ინიციატივით ბულვარის ადმინისტრაციამ ბათუმის საკრებულოს მიმართა.  დეპუტატებმა პროექტს მხარი დაუჭირეს და 1 მაისიდან ბულვარის ტერიტორიაზე, ასევე პარკებსა და სკვერებში ტრანსპორტის მოძრაობის ახალი წესი ამოქმედდება. 

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში