გონიო-კვარიათის ბუნგალოების მეპატრონეები: უნდობლობას გამოვუცხადებთ და გადავაყენებთ

18 მარტი 2019, 00:00 1727 ნახვა

გონიოსა და კვარიათში ბუნგალოებისა და კაფე-ბარების მფლობელთა ნაწილი აჭარის მთავრობის სახლთან შეიკრიბა, ისინი თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრას ითხოვენ. ობიექტების მეპატრონეები ბათუმის მერის, ლაშა კომახიძის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც, უახლოეს დღეებში, სანაპიროზე არსებული ობიექტები უნდა დაინგრეს და მის ნაცვლად, ახალი ობიექტები გაჩნდეს, რომლების მეპატრონეებსაც მერია ტენდერის ან აუქციონის წესით გამოავლენს. მერიის მტკიცებით, ტენდერში მონაწილეობა ნებისმიერ მოქალაქეს შეეძლება, მათ შორის სანაპიროზე მომუშავე იმ პირებს, ვინც გადაწყვეტილებას აპროტესტებს. 

ამ ფორმულირებას არ ეთანხმებიან ადგილობრივები, რომლებიც ამ დრომდე სხვა სისტემით მუშაობდნენ და ყოველწლიურად იღებდნენ სანაპიროზე მუშაობის უფლებას. 

ერთ-ერთი ობიექტის მეპატრონე კობა მანველიძე ამბობს, რომ თუ ადგილობრივებს მერი არ მოუსმენს, მას  კანონის თანახმად უნდობლობას გამოუცხადებენ და თანამდებობიდან გადააყენებენ

"წლების მანძილზე ქალაქის მერია არ დაინტერესებულა სანაპიროს კომუნიკაციით, არც წყალი მოუყვანია, არც კანალიზაცია, მთლიანი ინფრასტრუქტურა ადგილობრივებმა გავაკეთეთ ბანკის ვალებით. ყოველწლიურად, სეზონურად ცდილობდნენ საარსებო მინიმალური შემოსავალი ჰქონოდათ იქ მომუშავეებს. 

ახლა ბატონ თორნიკესთან ვითხოვთ შეხვედრას. გვინდა აღგვითქვას თანადგომა, რომ შეისწავლის საკითხს და გადაწყვეტილებას ჩვენდა სასიკეთოდ მიიღებს და არა კერძო ინტერესებიდან გამომდინარე. ითქვა კიდეც, რომ ​ვიღაცეები არიან დაინტერესებული გონიო კვარიათში, სექტორებად აიღონ სანაპირო და მათი ბიზნესები განავითარონ. 

7 წლიანი იჯარით, რომ გაიცემა ეს მისასალმებელია, თუმცა რამდენში გაიცემა, გლეხს თუ ექნება მისი შესყიდვის საშუალება ესაა მთავარი. რატომ არ მოდის ამ მოქალაქეებთან მოლაპარაკებაზე, შეხვედრაზე, რატომ წყვეტ ერთპიროვნულად მერი ამ საკითხს? 

თვითმმართველობის 122 მუხლის თანახმად მერს აქვს უფლება, რომ პირდაპირი განკარგვის წესით, პირობით ან უპირობოდ გადმოგვეცეს მიწის ნაკვეთები და საშუალება მოგვცენ განვავითაროთ ბიზნესი და ყოველწლიურად დღის წესრიგში არ იყოს ეს პრობლემა. ჩვენ თუ არ შეგვხდება, გონიოსა და კვარიათში ვართ საკმარისი ადამიანები, რომ უნდობლობა გამოვუცხადოთ. ამომრჩეველთა 20% საკმარისია ამისთვის კომახიძეს გამოვუცხადოთ  უნდობლობა და გადავაყენოთ.

დღეს ამ საკითხზე ქალაქის მერმა განმარტებები გააკეთა, მისი თქმით სანაპიროზე სექციებად დაყოფილ ​პლაჟზე მაღალი დონის ბუნგალოები და კაფეები განთავსდება, ამ მიზნის მისაღწევად კი ტენდერებს გამოაცხადებენ, უკანონო ობიექტებს კი სანაპიროდან აიღებენ. 

ლაშა კომახიძემ, ასევე განაცხადა, რომ შეხვედრა ჰქონდა ადგილობრივ მეწარმეებთან და ამ საკითხებზე დეტალურად ისაუბრეს. 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში