გონიო-კვარიათში ​ახალ ბუნგალოებზე ტენდერი 7 წლით გამოცხადდება

18 მარტი 2019, 00:00 2674 ნახვა

ბათუმის მერი ამბობს, რომ გონიოსა და კვარიათში არსებული ბუნგალოები და კვების ობიექტები აუცილებლად უნდა დაიშალოს, მის ნაცვლად კი ერთიან კონცეფციაში მოქცეული ღია, მსუბუქი კონსტრუქციები განთავსდეს. 

ლაშა კომახიძემ აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს უთხრა, რომ ობიექტების მეპატრონეებს და ასევე ნებისმიერ მოქალაქეს საშუალება აქვს მონაწილეობა მიიღოს მრავალწლიან ტენდერში, სანაპირო ზოლში კი ობიექტი დაახლოებით 7 წლის განმავლობაში ამუშაოს. 

პლაჟის ზოლი სექტორებად უკვე დაიყო. ამ ეტაპზე მერიაში ესკიზებსა და ტენდერის პირობებზე მუშაობენ. ჯერჯერობით უცნობია ტენდერის გამოცხადების დროს, თუმცა ცნობილია რომ სანაპიროზე კაპიტალური ნაგებობები არ განთავსდება. 

მერი ამბობს, რომ პლაჟზე სავაჭრო ობიექტების ნაწილი თვითნებურად არის ჩადგმული, ამის გამო კი მეპატრონეები არაერთხელ დააჯარიმეს. თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც სანაპირო ზოლში, კანონის დაცვით, შესაბამისი ნებართვით მუშაობენ. ახალი რეგულაცია კი ყველას ერთნაირად ეხება. 

ლაშა კომახიძე ობიექტების მეპატრონეებს შეხვდა, როგორც მერი ამბობს 12 კაციან ჯგუფს სიახლეების შესახებ ინფორმაცია პარასკევს, 15 მარტს მიაწოდა. 

''მას შემდეგ რაც მიიღეს გაფრთხილება, ჩვენ გვქონდა შეხვედრაც ბუნგალოებისა და კაფე-ბარების მეპატრონეებთან, ეს იყო წინა პარასკევს. დაახლოებით 12 ადამიანი მოვიდა მერიაში. შედგა ძალიან ღრმა და შინაარსიანი საუბარი. მინდა რამდენიმე მომენტს გავუსვა ხაზი რაც ჩვენს ლაპარაკში გამოიკვეთა. პირველი, რომ გამოცხადდება მრავალწლიანი ტენდერი, რომელიც დაახლოებით 7 წლიან პერიოდს მოიცავს. პრეტენდენტებს ექნებათ გარანტია, რომ 7 წლის განმავლობაში მონაწილეობას მიიღებენ. გამოცხადდება ესკიზების მიხედვით, გვინდა, რომ სანაპირო ზოლში შესაბამისი დონის ობიექტები განთავსდეს. პლაჟის ზოლი დაყოფილია 100 მეტრიან  სექტორებად'' - ამბობს ლაშა კომახიძე. 

ბათუმის მერიამ გონიო კვარიათის სანაპირო ზოლზე ბუნგალოებსა და კაფეებზე ნებართვების გაცემის წესი შეცვალა. დღემდე მერია 2006 წლის საკრებულოს დადგენილების მიხედვით მოქმედებდა, რაც გონიო კვარიათის ტერიტორიაზე კერძო პირებს იჯარის სანაცვლოდ კვადრატულ მეტრზე თანხის გაცემას ითვალისწინებდა.  

მეპატრონეებს გაფრთხილების წერილებიც მიუვიდათ, რასაც პროტესტი მოჰყვა. ისინი რამდენიმე დღეა აქციებს მართავენ. 

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში