რას ითხოვენ გონიოში ბუნგალოებისა და კაფე-ბარების მეპატრონეები

13 მარტი 2019, 00:00 1842 ნახვა

ბათუმის მერიის გადაწყვეტილებით, გონიოსა და კვარიათის სანაპირო, ბუნგალოებისა და კაფე-ბარებისგან უნდა გაიწმინდოს. აუქციონის გამოცხადების შემდეგ კი სანაპიროზე ახალი კონსტრუქციები განთავსდეს. მერია ობიექტების მეპატრონეებს აფრთხილებს და ასევე აუქციონში მონაწილეობისკენ მოუწოდებს.  

ბუნგალოების მეპატრონეებს კი სურთ ძველი სისტემით იმუშაონ და კვადრატულ მეტრზე დაწესებული გადასახადი გადაიხადონ. ნაწილი თანახმაა ობიექტს იერსახეც შეუცვალოს, მაგრამ პროექტს მერიისგან ითხოვს. მეწარმეები აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს უყვებიან, რომ წლების განმავლობაში უპრობლემოდ მუშაობდნენ, ''სიტუაცია კი წელს აირია''. 

''ძაან მშვენივრად ვიყავით ბულვარის ადმინისტრაციაში. არასდროს არ მოუთხოვიათ პროექტი და სხვა დამატებითი დოკუმენტები. ობიექტს სურათს ვუღებდით, სურათი მიგვქონდა და გვიტარებდნენ ჩვეულებრივად ტენდერს. რაც მერიაში გადავიდა ეს ყველაფერი აირია სიტუაცია. შარშან საერთოდ არ ჩაატარეს ტენდერი, აზომეს რამდენი იყო გადასახადი და გაქრნენ. წელს ახლა მოვიდნენ და ამბობენ დაანგრიეთო, მაგრამ როგორი უნდა ავაშენოთ არ გვეუბნებიან. გვითხრან, მოგცენ პროექტი და ავაშენებთ. არც პროექტს გვაძლევენ. კვადრატობა იყო დაფიქსირებული და რამდენიც გქონდა ვიხდიდით. 15 დან 22 ლარამდე იყო. შეზლონგებზე ცალკე იყო გადასახადი, ერთ კვადრატულ მეტრზე 4 ლარი'' - ამბობს დავით ოსანაძე

ობიექტების მეპატრონეები ამბობენ, რომ ახალი ლეგულაციებისა და აკრძალვების შესახებ დღეს გაიგეს. ფიქრობენ, რომ მერიის მიდგომა მკაცრია, რადგან ისინი პირდაპირ ბუნგალოებისა და კაფე-ბარების დემონტაჟს ითხოვენ.

''ახლა გავიგე გაფრთხილება მოვიდა, აქამდე არ ყოფილა. 20 წელია დგას ეს ბუნგალო და კაფე ბარები. სეზონი მოდის და ხალხი ამას ელოდება/ გვინდა, რომ შემოსავალი გვქონდეს. ძირითადად ადგილობრივები ვმუშაობთ, არიან მოსულებიც, მაგრამ რა პრობლემაა ყველა იყოს. აქ ყველას ეყოფა ადგილი. მერიამ სხვა პრობლემებს მიხედოს, ამხელა სანაპიროზე საპირფარეშო არ არის. ვეუბნებოდი, მე დავდგამ ჩემი ხარჯებით მომეცით ნებართვათქო და მაგის უფლებასაც არ გვაძლევდნენ. ბიოტუალეტებს მოვიტანო, ხედავთ სადმე?'' - ამბობს მეწარმე, რომელიც უკვე წლებია სანაპიროზე სეზონურად კაფეს ამუშავებს. 

იგორს სანაძეც, რომელიც ერთ-ერთი მსგავსი ობიექტის მეპატრონეა ფიქრობს, რომ მერია მოქალაქეებს არასამართლიანად ექცევა და შემოსვლის წყაროს ართმევს. 

''ვერ მივხვდით რა უნდათ, რას გვერჩიან. წინა წლების გადახდის ქვითრები და ყველაფერი შენახული მაქვს, პატიოსნად ვიხდიდი თანხას. აქამდე არავინ არ მოსულა, დღეს პირველად გავიგე და გაფრთხილებაც მივიღეთ. ჯერ არავინ არ დაჯარიმებულა, ყოველ შემთხვევაში მე ასე ვიცი. 20 წელია აქ ვმუშაობ, ბარი მაქვს. მთელი წელი ამ დროს ველოდებით ყველა. მარტო მე კი არ ვარ, აქ ოჯახებია დასაქმებული'' - უთხრა მაუწყებელს იგორ სანაძემ. 

ბათუმის მერია გონიო კვარიათის სანაპირო ზოლზე ბუნგალოებსა და კაფეებზე ნებართვების გაცემის წესს ცვლის.  დღემდე მერია 2006 წლის საკრებულოს დადგენილების მიხედვით მოქმედებდა, რაც გონიო კვარიათის ტერიტორიაზე კერძო პირებს იჯარის სანაცვლოდ კვადრატულ მეტრზე თანხის გაცემას ითვალისწინებდა. 

მერიის შეთავაზებას და გაფრთხილებას დღეს მეწარმეების საპროტესტო გამოსვლა მოჰყვა. 

 

ამავე კატეგორიაში