გონიოსა და კვარიათის პლაჟებზე 80 ბუნგალოს დემონტაჟი მოხდება, ტერიტორია აუქციონზე გავა

13 მარტი 2019, 00:00 5108 ნახვა

ბათუმის მერია გონიო კვარიათის სანაპირო ზოლზე ბუნგალოებსა და კაფეებზე ნებართვების გაცემის წესს ცვლის.  დღემდე მერია 2006 წლის საკრებულოს დადგენილების მიხედვით მოქმედებდა, რაც გონიო კვარიათის ტერიტორიაზე კერძო პირებს იჯარის სანაცვლოდ კვადრატულ მეტრზე თანხის გაცემას ითვალისწინებდა. ​ ნებართვის გაცემის ეს მოდელი, პრაქტიკაში, ძირითადად ​​შემდეგნაირად მუშაობდა - სანაპირო ზოლში, კაფე ბარები და ბუნგალოები, წლების განმავლობაში ერთი და იგივე პირებს ჰქონდათ აღებული, იხდიდნენ 16 ლარს კვადრატულ მეტრში და სეზონურად ამუშავებდნენ ობიექტებს. 

2019 წლიდან, ბათუმის მერიის გადაწყვეტილებით, სეზონურად ტერიტორია აუქციონზე გამოვა და ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლება ივაჭროს კვარიათსა და გონიოს სანაპიროზე ბუნგალოებისა და კაფეების მოწყობისთვის. ამასთან, ესკიზი შეთანხმებული უნდა იყოს მერიასთან. თვითმმართველობის წარმომადგენლების განმარტებით, პლაჟზე ინფრასტრუქტურა მოძველებული და უსახურია, ამიტომ უნდა მოხდეს მისი განახლება. 

დღეს ბათუმის მერიის გადაწყვეტილება ბუნგალოებისა და კაფე-ბარების მეპატრონეების ნაწილმა გააპროტესტა. 20 მდე ობიექტის მფლობელი დღეს სანაპიროზე შეიკრიბა და აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს უთხრა, რომ წლების განმავლობაში ძველი სისტემით მუშაობდნენ, თანხას იხდიდნენ და მერია არასამართლიანად ექცევა მათ. 

გაფრთხილება 80 მდე მეწარმეს დღეს, 13 მარტს დაურიგდათ.  გაფრთხილების მიხედვით სანაპირო ზოლი 5 დღეში უნდა გაიწმინდოს, წინააღმდეგ შემთვევაში მათ 1000-დან  2 000 ლარამდე დაჯარიმდებიან, ხოლო ობიექტების დემონტაჟს შესაბამისი უწყებები განახორციელებენ.  

"ბათუმის საკრებულოს 2006 წლის დადგენილებით, მერიის მუნიციპალური ქონებისა და სერვისების მართვის სამსახური გაფრთხილებთ, რომ ხუთი დღის ვადაში მოახდინოთ თქვენს მიერ ბათუმში, გონიო-კვარიათის ტერიტორიაზე, ზღვის საპლაჟო ზოლში უნებართვოდ განთავსებული შენობა-ნაგებობების დემონტაჟი და ტერიტორიის გამოთავისუფლება. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაბამისი სამსახურები მიერ ობიექტის დემონტაჟისა და გატანის შემთხვევაში, მერია იხსნის პასუხისმგებლობას ქონების დაზიანებაზე. ამასთანავე თქვენს მიმართ გატარდება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები" - წერია გაფრთხილებაში, რომელსაც მუნიციპალური ქონებისა და სერვისების მართვის სამსახური უფროსი გოგა ლომაძე აწერს ხელს.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში