როგორ შეძლეს უკანონო ობიექტის მფლობელებმა ბულვარში მთელი სეზონი ემუშავათ? - ლაშა კომახიძის განმარტება 

12 მარტი 2019, 00:00 2576 ნახვა

ბათუმის ყველაზე ტურისტულ და ფინანსურად მომგებიან ადგილზე, ბულვარის პლაჟზე, მერიის ინფორმაციით 9 სავაჭრო და კვების ობიექტი უკანონოდ იყო განთავსებული. ობიექტები სანაპიროზე გასული წლის სეზონის დაწყებისთანავე გაჩნდა და საზოგადოების ნაწილის ყურადღების ქვეშ ეგრევე მოექცა. მოქალაქეები წერდნენ, რომ ობიექტები იყო უსახური, ფარავდა სანაპირო ზოლს, აზიანებდა რეკრეაციულ ზონას, თუმცა ობიექტები ფუნქციონირებას განაგრძობდნენ.

საზოგადოებას რეაგირების გარეშე არც ქართული ოდის განთავსება დარჩენილა, რომელიც როგორც აჭარის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გაარკვია, სანაპიროზე ნებართვის გარეშე განთავსდა. 

სეზონის დასრულების შემდეგ, 2018 წლის 18 ოქტომბერს, აჭარის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა სანაპიროზე საწყობებად ქცეული ობიექტებისა და დაბინძურებული სანაპიროს შესახებ მოამზადა მასალა. მერიის ზედამხედველობის სამსახურში მაშინ აცხადებდნენ, რომ ტერიტორიის მოწესრიგებაზე ობიექტებს გაფრთხილება მისცეს, თუმცა არავინ დაუჯარიმებიათ.  

25 თებერვალს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თქვა, რომ ბულვარის სანაპირო სახაშეებისგან გაიწმინდებოდა, იმავე დღეს მერიამ დაადასტურა, რომ ობიექტების ნაწილი პლაჟზე უკანონოდ იყო აგებული. 

განცხადებიდან 20 დღეში, ბულვარში ობიექტების დემონტაჟი მოხდა.

როგორ შეძლეს ფიზიკურმა პირებმა, ბულვარის პლაჟზე მთელი სეზონი ემუშავათ ისე, რომ არც ჯარიმა გადაეხადათ და არც ობიექტები აეღო ხელისუფლებას. ვინ არის დამნაშავე და გადაეცემა თუ არა ფაქტი მოსაკვლევად სამართალდამცველებს? კითხვები ბათუმის მერს, ლაშა კომახიძეს დავუსვით.  

ბათუმის მერი ამბობს, რომ შიდამოკვლევა დაწყებულია. ფიქრობს, რომ საზოგადოება მერიას სანაპიროზე ჩადგმული უკანონო ობიექტების გამო არასწორად აკრიტიკებდა, რადგან კონსტრუქციები მერიის მოიჯარეებმა და ქვემოიჯარეებმა განათავსეს და მასე რეაგირებისთვის მერიას დრო სჭირდებოდა.   

"ბულვარში უკანონოდ განთავსებული ობიექტებთან დაკავშირებით, შეიძლება დეტალები იყოს განსხვავებული, თუმცა მთავარი ნიშანი რაც გამოიკვეთა არის ის, რომ ბათუმის მერიის მოიჯარეების ქვემოიჯარეებმა დადგეს ობიექტები ისე, რომ ესკიზები არ იყო შეთანხმებული მერიასთან. უფრო მარტივად, რომ გითხრათ მერიას ყავს მოიჯარეები ბულვარში, ზოგიერთმა სასტუმრომ, პლაჟის ტერიტორიაზე ქვეიჯარა გასცა სხვა პირებზე, სადაც მერიასთან შეთანხმებით უნდა დაედგათ მაღალი დონის ობიექტები. შედეგად კი მივიღეთ ის, რომ ქვემოიჯარეებმა ობიექტის ესკიზები არ შეათანხმეს მერიასთან და ასე აღმოჩნდა სანაპიროზე უკანონო ობიექტები. 

ბათუმის მერიამ შეატყობინა მოიჯარეს ამის შესახებ და სთხოვა არაკანონიერი კონსტრუქციისგან გაეთავისუფლებინა უკანონოდ განთავსებული ობიექტები, ამას რა თქმა უნდა სჭირდებოდა გონივრული ვადა, რადგან ერთი და ორი დღე ამას არ ეყოფოდა. მას შემდეგ, რაც ჩვენ მივიღეთ პასუხი, რომ ქვემოიჯარის მიზეზით თუ სხვა მიზეზით ვერ ხდებოდა ამ ობიექტების აღება, შესაბამისად პროცესში ჩაერთო ზედამხედველობის სამსახური" - განაცხადა ლაშა კომახიძემ. 

რაც შეეხება იკვეთება თუ არა ვინმეს პასუხისმგებლობა ან უნდა გადაეცეს თუ არა საქმე შესასწავლად სამართალდამცველებს? ქალაქის მერი ამბობს, რომ "ეს არის სუფთა სამართლებლივი ჭრილი. ყველა შესაძლებელი რეაგირება იქნება და არის და ამ პროცედურებში კანონის ყველა მოთხოვნას ვეყრდნობით".

 

ამავე კატეგორიაში