ცეცხლმოკიდებული ავტომობილები ბათუმის ცენტრში - ორი წლის შემდეგაც უცნობია არეულობის მომწყობი და მიზეზი

11 მარტი 2019, 00:00 1362 ნახვა

11-12 მარტის მოვლენებიდან ორი წლის შემდეგაც, ბათუმის აქციის გახმაურებულ საქმეზე, ისევ არ არსებობს დამნაშავე, რომელმაც ჯგუფურ ძალადობას ორგანიზება გაუწია. 

2017 წლის 11 მარტს ბათუმში დაწყებული საპროტესტო მსვლელობა, მასობრივ არეულობაში გადაიზარდა. მოქალაქეების პროტესტი პოლიციასთან დაპირისპირებით დასრულდა. ქალაქის ცენტრალურ ნაწილში ათობით ავტომობილი დაწვეს, პოლიციის შენობას ქვებს ესროდნენ, დაზიანდა ქალაქის ინფრასტრუქტურა და კერძო ქონება. პოლიციამ ცრემლსადენი გაზიც გამოიყენა. 

სამართალდამცველებმა მოგვიანებით 40 ადამიანი დააკავეს, აქედან 21-ის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა და ისინი სხვადასხვა მუხლით გაასამართლეს. ამ ეტაპზე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არცერთი მათგანი არ იმყოფება. 

გამოძიება მერაბ ღოღობერიძესა და ირაკლი ჩხვირკიას აქციის ორგანიზებას ედავებოდა, თუმცა ჯერ კიდევ გასულ წელს დაადგინა ბათუმის საქალაქო სასამართლომ, რომ ისინი არ იყვნენ დამნაშავე ამ ნაწილში - შედარებით მსუბუქი მუხლით გამოტანილი განაჩენი კი 6 მარტს, სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა. ჩხვირკია  და ღოღობერძე მხოლოდ ჯგუფური მოქმედებების ორგანიზებაში ცნეს დამნაშავედ. 

ლაშა დეკანაძე ერთადერთი ბრალდებულია, რომელიც  11-12 მარტის აქციის საქმეზე წარდგენილ ბრალდებაში უზენაესმა სასამართლომ უდანაშაულოდ სცნო. გამოძიება მას პოლიციელებზე თავდასხმას,  მათი ჯანმრთელობის დაზიანებას და მასობრივ არეულობაში მონაწილეობას ედავებოდა, თუმცა ბათუმის საქალაქო სასამართლომ წარდგენილი ბრალის ძირითად ნაწილში ის გაამართლა და პატიმრობა ხულიგნობის მუხლით მიუსაჯა.

ქალაქში დაზიანებული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ქალაქის მერიას მოუხდა, თვითმმართველობამ 150 ათასი ლარით იზარალა. 

აქციის  ღამეს დაიწვა შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილი 4 და დაზიანდა 5 ავტომობილი. უწყებისთვის მიყენებულმა ზარალმა კი 67 ათას 261 ლარი შეადგინა. ანაზღაურების მოთხოვნის მიზნით სამინისტროს  სასამართლოში სარჩელი შეტანილი აქვს, თუმცა ჯერ სასამართლო სხდომა არ ჩანიშნულა და უცნობია ვინ იქნება მოპასუხე მხარე.

11 მარტს ქალაქში საპროტესტო აქცია დღის ბოლოს, ჭავჭავაძის ქუჩაზე, „ბათუმი პლაზასთან'' დაიწყო, 2 საათის განმავლობაში გადაკეტილი იყო ქალაქის ცენტრთან დამაკავშირებელი ქუჩა. მიზეზი საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიერ ერთ-ერთი მძღოლის დაჯარიმება გახდა. აქციის მონაწილეების თქმით, ჯარიმის გამოწერას სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა, რის შემდეგაც საპატრულო პოლიციამ ორი პირი დააკავა.

მოგვიანებით კი აქციის მონაწილეებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მთავარი სამმართველოს შენობასთან გადაინაცვლეს. 

ამავე კატეგორიაში