როგორ დაიწყო კანონის აღსრულება ბულვარში - მოვლენათა ქრონოლოგია

06 მარტი 2019, 00:00 2516 ნახვა

''საზოგადოებაში აზრი ორად გაიყო, ნაწილი ფიქრობს, რომ ჩვენ ვერჩით შენობებს, ქართულ კულტურას, ვერჩით ქართულ საჭმელს და გვინდა, რომ კონკურენციის გამო სხვა იყოს, ეს ასე არ არის'' - უთხრა აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს ბათუმის ბულვარის დირექტორმა. ირაკლი ჯინჭარაძე ამბობს, მათი გადაწყვეტილებების ადრესატები მცირე ბიზნესმენები არიან, რომლებმაც ზღვისპირა პარკში ობიექტები უკანონოდ განათავსეს. 

ბულვარის დირექტორი ირწმუნება, რომ მომავალში მსგავს ფაქტებს არ დაუშვებს. 

''ვიცოდით, რომ ბათუმის ბულვარში იყო უნებართვო ობიექტები. სამწუხაროდ, ნამდვილად არის ეს ვითარება, დასამალი არ არის. მივმართავთ ყველას, ვისაც აქვს ჩვენთან ხელშეკრულება გაფორმებული, შეიტანონ მუნიციპალიტეტში განცხადება და აიღონ ნებართვა. იყო შემთხვევა, როდესაც კომპანიამ აუქციონი მოიგო, მშენებლობის ნებართვა კი არ აუღია. თავდაპირველად იყო საუბარი მსუბუქ კონსტრუქციაზე, მაგრამ სხვა ააშენეს. მაგალითად მოაქვთ ესკიზი, ესკიზს ვითანხმებთ ვიზუალის კუთხით. ჩვენ სამშენებლო ნებართვებს არ გავცემთ. მოგვიანებით შენობა განთავსებულა და აღარ ყოფილა შესაბამისობაში,'' - განაცხადა ირაკლი ჯინჭარაძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე: აპირებს თუ არა ბულვარის ადმინისტრაცია გაარკვიოს ვისთან იყო შეთანხმებული უკანონო მშენებლობები და როგორ მოხდა უნებართვოდ კონსტრუქციები ბულვარში? ირაკლი ჯინჭარაძე პასუხობს: ''ჩვენ ვხედავთ არაერთ შემთხვევას არა მარტო ბულვარში, არამედ ქალაქშიც, როდესაც ადამიანები თვითნებურად აშენებენ და მიაშენებენ. არის უწყებები, რომლებიც მსგავსი ფაქტებით დაინტერესდებიან. მე მაქვს დავალება აღნიშნული პრობლემა მოვაგვარო ბულვარში. მე აწმყოზე და მომავალზე ვარ ორიენტირებული და მსგავსი შემთხვევები არ იქნება''.

ბულვარში, სანაპირო ზოლსა და მიმდებარე ტერიტორიებზე უნებართვოდ განთავსებული ობიექტების მეპატრონეებს დემონტაჟისთვის მიცემული ვადა 4 მარტს ამოეწურათ. აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ბათუმის მერიას დაუკავშირდა, სადაც აზუსტებენ რამდენი უკანონო კონსტრუქციის დემონტაჟი განხორციელდა.

მერიამ ბულვარში უკანონოდ განთავსებული 9 ობიექტი აღწერა. მეპატრონეებს გამაფრთხილებელი წერილებიც მიუვიდათ. ნაწილს მისწერეს, რომ კონსტრუქცია უნდა დაშალოს, ნაწილმა ობიექტის ფასადი უნდა მოაწესრიგოს, ზოგიც დააჯარიმეს. იმ შემთხვევაში თუ შენობა ნაგებობა მსუბუქი კონსტრუქციისა ჯარიმა 1000 დან 2000 ლარამდეა, კაპიტალური ობიექტის შემთხვევაში კი 3000 ლარი.

ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა აჭარის მაუწყებელთან აღიარა, რომ ამ დრომდე ბულვარის მონიტორინგი არ ხორციელდებოდა. ამ მოვლენებს კი წინ უსწრებდა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განცხადება, რომელმაც ისტორიული ქალაქის დამცველებს  პირველ ეტაპზე ბულვარის მოწესრიგებას დაჰპირდა.

„ბათუმის ბულვარი იქ არსებული სახაშეებისგან გაიწმინდება“ - ეს არის თორნიკე რიჟვაძის ფრაზა, რომელმაც ბულვარში არსებული ობიექტების მეპატრონეები გააფრთხილა. 

ბათუმის პლაჟზე რკინისა და ხის კონსტრუქციები გასული წლის ზაფხულში აქტიურად გამოჩნდა, რამაც სანაპირო ზოლსა და სასეირნო ნაწილს შორის ერთგვარი ბარიერი შექმნა. ფაქტს მოქალაქეების ნაწილის პროტესტიც მოჰყვა. 

ამავე კატეგორიაში