საგარეო უწყების განცხადება

07 აგვისტო 2016, 00:00 2541 ნახვა

საგარეო საქმეთა სამინისტრო 2008 წლის აგვისტოს ომის მე-8 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთის ფედერაცია 2008 წლის შემდეგ კვლავ აგრძელებს სუვერენული და დამოუკიდებელი სახელმწიფოს რეგიონების უკანონო ოკუპაციას, საერთაშორისო სამართლისა და 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებული ვალდებულებების უგულვებელყოფით. ამასთან, საგარეო უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს მთავრობის პრაგმატული მიდგომის შედეგად, კონფლიქტის ესკალაციის რისკი მნიშვნელოვნად შემცირდა, თუმცა ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების და ჰუმანიტარული კუთხით არსებული ვითარება კვლავ მძიმე რჩება. საგარეო საქმეთა უწყების განცხადების მიხედვით, საქართველო მხარს უჭერს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში აქტიურ ჩართულობას, რომელიც მიზნად ისახავს რუსეთსა და საქართველოს შორის არსებული უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული საკითხების მოგვარებას, 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების საფუძველზე. ამასთან, განცხადების მიხედვით, საქართველოს ხელისუფლება გააგრძელებს რაციონალურ პოლიტიკას რუსეთის ფედერაციის მიმართ და გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა დიპლომატიურ და პოლიტიკურ ბერკეტს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების მიზნით.

ამავე კატეგორიაში