''ვადასტურებ ჩემს ღრმა პატივისცემას ბათუმის უანგარო დამცველებთან'' - თორნიკე რიჟვაძე

25 თებერვალი 2019, 00:00 4304 ნახვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ მოქალაქეების საინიციატივო ჯგუფის "დაიცავი ძველი ბულვარის" ღია წერილზე გაკეთებულ განცხადებაზე კიდევ ერთი განმარტება გააკეთა და აღნიშნა, რომ ის ადასტურებს ღრმა პატივისცემას ყველა იმ მოქალაქის მიმართ, რომელიც ქალაქს უანგაროდ გულშემატკივრობს და ის კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამს იმის დასამტკიცებლად, რომ ზრუნავს ბულვარზე.  

"მე ვთვლი, რომ ყველა  ყველაფერი გაიგო.  პირველი, კიდევ ერთხელ ვადასტურებ ჩემს ღრმა პატივისცემას, ბათუმის უანგარო გულშემატკივართან. მათ შორის "დაიცავი ძველი ბულვარის" წევრებთან მიმართებაში და თქვენ ნახავთ, რომ თუნდაც ბულვართან დაკავშირებით, ჩვენ საქმით დავამტკიცებთ თუ როგორ ვზრუნავთ და ის არსებული სახაშეები, რომელიც არის ძველ ბულვარში გაიწმინდება. 

მეორე, რაც შეეხება კონკრეტული განცხადების შინაარსს, ის რამდენიმე ადამიანი, ვისზეც მე გავაკეთე მინიშნება, დარწმუნებული ვარ, ადრესატები კარგად გაერკვეოდნენ რაზეც ვსაუბრობდი" -  განაცხადა  თორნიკე რიჟვაძემ.  

ღია წერილი საინიციატივო ჯგუფმა 21 თებერვალს გაავრცელა, სადაც ბათუმის მერს ლაშა კომახიძეს, ძველი ბათუმის ისტორიული დაცვის ზონის დამტკიცებას იმ ფორმით სთხოვდა, რომელიც "გეოგრაფიკის" სპეციალისტებმა მერიის დაკვეთით გააკეთეს.

ისინი ეწინააღმდეგებიან სახეცვლილი ზონის დამტკიცებას, სადაც ბათუმის მერიამ, კვლევის გარეშე, ისტორიული დაცვის ზონიდან რივიერას ტერიტორიაა ამოიღო. ამ ტერიტორიაზე კი, როგორც ცნობილია, კომპანია "სილქ როუდ ჯგუფს" 6 ცათამბჯენის მშენებლობა სურს.

წერილში მოქალაქეები ასევე ითხოვდნენ, რომ არ დაინგრეს ისტორიულ ქალაქში ორი სახლი (ჟორდანიას 27 ნომერში), რომლის ნაცვლად ასაგებ სასტუმროს პროექტზე  ე.წ. ზონალურმა საბჭომ თანხმობა გასცა. 

მოქალაქეების წერილს უპასუხა ქალაქის მერმა ლაშა კომახიძემ და აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემაც.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებას, სადაც ის ამბობდა, რომ გადაწყვეტილებას არ შეცვლიან, რადგან კანონიერად მოქმედებენ, გამოხმაურება მოჰყვა. მოქალაქეების კრიტიკული შეფასებები გამოიწვია ფრაზამ - "ჩვენ ვმოქმედებთ მარტივი პრინციპით - ძაღლი ჰყეფს ქარავანი მიდის და მცირე ჯგუფების გამოხტომის გამო, არ ვაპირებთ გადაწყვეტილებების შეცვლას". 

განმარტებები მოქალაქეებმა თორნიკე რიჟვაძეს იმავე დღეს გაკეთებულ კიდევ ერთ განცხადებაზე მოსთხოვეს, სადაც მთავრობის თავმჯდომარემ თქვა, რომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვაზე ექსკლუზიური უფლება აქვს აღებული რამდენიმე ადამიანს, რომლებიც ნეპოტიზმსა და კორუფციულ გარიგებებში იყვნენ წლების განმავლობაში ჩართულები და ნარკობიზნესად ჰქონდათ ეს სფერო ქცეული

დამატებით კითხვებს თორნიკე რიჟვაძემ არ უპასუხა. 
  

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში