თურქეთში ფეხბურთელების დაკავებას ფედერაცია ეხმაურება

22 თებერვალი 2019, 00:00 1319 ნახვა

თურქეთში 5 ქართველი ფეხბურთელი დაკავების ფაქტს, რომლებსაც სპორტულ მაღაზიაში ქურდობა ედება ბრალად, ფედერაცია განცხადებით ეხმაურება.  

"გვსურს, გამოვეხმაუროთ ქართულ და თურქულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, ქალაქ ანტალიის სავაჭრო ცენტრში ქურდობისათვის დააკავეს ანტალიაში სპორტულ შეკრებაზე მყოფი ქართული საფეხბურთო კლუბის - ცხინვალის ფეხბურთელები. 

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია - ფეხბურთის მმართველი ორგანო საქართველოში, რომლის ერთ-ერთი მთავარი ფუნქციაა, არ დაუშვას ქართული ფეხბურთის იმიჯის შელახვა, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო მასშტაბით, მოუწოდებს საფეხბურთო კლუბ ცხინვალს, აღნიშნული ინფორმაციის დადასტურების შემთხვევაში, მისი უფლებამოსილების ფარგლებში, მიიღოს შესაბამისი ზომები კანონდამრღვევ პირებთან დაკავშირებით. 

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია გმობს ყველა იმ ქმედებას, რომელიც ჩადენილია კანონსაწინააღმდეგოდ და ნეგატიურად აისახება არამხოლოდ ქართული ფეხბურთის, არამედ ქვეყნის რეპუტაციაზე" - წერია განცხადებაში.

თურქეთში 5 ქართველი ფეხბურთელი „სპარტაკ ცხინვალის“ მოთამაშეები არიან, რომლებიც ანტალიის დაბა ბელექში ზამთრის შეკრებაზე ჩავიდნენ.

CNN თურქული ბიუროს ცნობით, ქართველი ფეხბურთელები ანტალიის სავაჭრო ცენტრში, სპორტული აქსესუარების მაღაზიაში შევიდნენ. მაღაზიის დახურვის შემდეგ კი, კონსულტანტებმა აღმოაჩინეს, რომ მათ სპორტული ფეხსაცმელი, შორტი, შარვალი და კიდევ 9 ნივთი აკლდათ. გამოიძახეს პოლიცია, ხუთივე ფეხბურთელი სამართალამცველებმა სასტუმროში აიყვანეს.

ამავე კატეგორიაში