''შეწყდეს ძველი ბათუმის ნგრევა'' - ხვალ ვარდების სკვერში აქცია გაომართება

16 თებერვალი 2019, 00:00 1912 ნახვა

ხვალ, 17 თებერვალს, დღის 2 საათზე, ბათუმში, ვარდების სკვერში  აქცია გაიმართება - „შეწყდეს ძველი ბათუმის ნგრევა”. სოლიდარობის აქცია იგეგმება თბილისშიც, ვარდების მოედანზე.

მანამდე კი საზოგადოება „ბათომმა“ ღია წერილით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრ - მამუკა ბახტაძეს, საქართველოს განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის მინისტრ - მიხეილ ბატიაშვილს და  საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურ დირექტორს, ნიკოლოზ ანთიძეს. ბათუმის ისტორიული ნაწილის – ძველი ბათუმის დამცველები საქართველოს მთავრობას მოუწოდებენ უსწრაფესად მოითხოვოს თვითმმართველობის ორგანოსგან კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონების დადგენისთვის აუცილებელი, მეთოდოლოგიურად სწორად შემუშავებული და კვლევებით გამყარებული დოკუმენტაცია და ის დაამტკიცოს. საქმე ეხება  ბათუმის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონების საზღვრების დამტკიცების შესახებ მომზადებულ დოკუმენტს. საზოგადოება „ბათომი“ წერილში მიუთითებს, რომ 2017 წელს ბათუმის თვითმმართველობის დაკვეთით ქალაქის კულტურული მემკვიდრეობის ზონის საზღვრები კიდევ ერთხელ გადამოწმდა.

აღნიშნული დოკუმენტი ბათუმის მერიამ 2017 წლის ნოემბერში ჩაიბარა, თუმცა მოგვიანებით, შეცვალა. დაცვის ზონის არეალიდან  ამოიღეს სანაპირო ზოლი, სადაც 6 ცათამბჯენის აშენება იგეგმება. "ბათომი" და კულტურული მემკვიდრეობის გადარჩენით დაინტერესებული ბათუმელები ითხოვენ, რომ ძველი ბათუმის დაცვის ზონა ისე დამტკიცდეს, როგორც ეს მრავალფუნქციური კვლევის შედეგად ორგანიზაცია "გეოგრაფიკმა" დაადგინა, სანაპირო ზოლის ჩათვლით.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელს პრემიერმა უთხრა, რომ ინვესტიციები არ უნდა განხორციელდეს ისტორიული განაშენიანების ხარჯზე და ამ საკითხზე, შემდეგ მთავრობის სხდომაზე  დეტალურ მოხსენებას მინისტრისგან მოისმენდა.

ამავე კატეგორიაში