15 წლის წინ შეძენილ ავტობუსებს განახლება სჭირდება - მგზავრების პრეტენზიები ქობულეთის მერიას

14 თებერვალი 2019, 00:00 1060 ნახვა

ქობულეთის მუნიციპალიტეტში ათი ე.წ ყვითელი ავტობუსი მოძრაობს, რომლების წლების წინ ქობულეთს ბათუმის მერიამ გადასცა. ათიდან მხოლოდ სამი ავტობუსი მუშაობს ქალაქის ტერიტორიაზე, დანარჩენი სოფლების ხაზებზეა გადანაწილებული.

ქობულეთელები ამბობენ, რომ ავტობუსებში არ მუშაობს კონდიცირების სისტემა, დაზიანებულია სავარძლები, სალონი და სხვა ინვენტარი. მოქალაქეები ავტოპარკის განახლებას მოითხოვენ. ამასთან, უკლებლივ ყველა ამბობს, რომ პრობლემები ტურისტულ სეზონზე მატულობს, რადგან მუნიციპალური ტრანსპორტით ტურისტებიც სარგებლობენ და მათი რაოდენობა არასაკმარისია.

‘’ვისურვებდი მეტად კომფორტული და მოწესრიგებული იყოს ავტობუსი, კარგი იქნება სეზონზე დაემატოს ავტობუსები და შემცირდეს მოძრაობის ინტერვალი. ადგილობრივებთან ერთად, უამრავი ტურისტი სარგებლობს ტრანსპორტით’’, - ამბობს მოქალაქე ლია ჯინჭარაძე.

მამია კაკალაძე: ​ ‘’ზამთარში არც თუ ისე სახარბიელო მდგომარეობაა, მაგრამ ასატანია. ზაფხულში კი მიუღებელია გადატენილი ავტობუსით მგზავრობა, კონდიციონერის გარეშე. ვფიქრობ, ეს საკითხი უნდა მოგვარდეს’’- გვითხრა ქობულეთის მკვიდრმა. 

მერიაში აცხადებენ, რომ ცდილობენ 2019 წლის ზაფხულს ქობულეთი ტექნიკურად გამართული და ვიზუალურად მოწესრიგებული საზოგადოებრივი ტრანსპორტით შეხვდეს.

‘’ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს აჭარის ეკონომიკის სამინისტროსთან და დონორ ორგანიზაცია - "KFW"- თან. ვცდილობთ შევიძინოთ ახალი ავტობუსები, მაგრამ რამდენად მოესწრება შეძენა არ ვიცი. დარწმუნებით იმის თქმა შეგვიძლია, რომ არსებული ავტობუსების სარემონტო სამუშაოებისთვის თანხები გვაქვს. შესაბამისად, ტურისტულ სეზონს ტრანსპორტი მოწესრიგებულ მდგომარეობაში შეხვდება’’ - ამბობს ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე დათო ვერულიძე

შპს „ქობულეთის ტრანსრეგულირებაში“ ამბობენ, რომ მერიას პრიორიტეტების ახალი გეგმა წარადგინეს, რაც უფრო კომფორტულს გახდის მუნიციპალურ ტრანსპორტს არა მარტო ტურისტებისათვის, არამედ ადგილობრივი მოსახლეობისთვისაც. 

მათივე ცნობით, მუნიციპალურ ავტობუსების ტექნიკური შემოწმება მოკლე დროში დაიწყება.

ავტობუსების გარდა, შპს „ქობულეთის ტრანსრეგულირების“ დაქვემდებარებაში 40 სამარშრუტო ტაქსია, რომლებთანაც ინდივიდუალური ხელშეკრულებებია გაფორმებული.

უწყების დირექტორი მერაბ პაპუნაიშვილი ამბობს, რომ ყოველდღიური მონიტორინგი სამარშუტო ტაქსებისაც უტარდებათ, სადაც მოწმდება  ტექნიკური და სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა. რაც შეეხება ავტობუსებს, უწყებაში თავად აღიარებენ, რომ ავტოპარკი გასაახლებელია

‘’ველოდებით ახალი ავტობუსების შემოყვანას, თუმცა არსებულებზეც ვახორციელებთ ყოველდღიურ სარემონტო- მოსაწესრიგებელ სამუშაოებს, როგორც ვიზუალურ მხარეს ასევე ტექნიკურს. სამწუხაროდ, ბევრი ავტობუსი მოძველებულია და გვიძნელდება მათი შეკეთება. არსებული ავტობუსები, წლების წინ, ბათუმმა უკვე მოძველებული გადმოგვცა და მათ მგზავრებიც აზიანებენ, ხშირ შემთხვევაში სავარძლებს’’ - ამბობს მერაბ პაპუნაიშვილი.

რაც შეეხება ინტერვალის გაზრდის მოთხოვნას,  პაპუნაიშვილის განმარტებით ავტობუსები ქალაქის ტერიტორიაზე საღამოს 18:00 საათამდე, 10 წუთიანი ინტერვალით გადაადგილდებიან. სამარშუტო ტაქსები კი ავსებენ ამ ინტერვალს.

 

ავტორი: ლოლა ტომასიანი

 

 

 

 

 


 

 

 

ამავე კატეგორიაში