ადვოკატები პროკურორებს ცინიკურ დამოკიდებულებასა და არაობიექტურობაში ადანაშაულებენ

04 თებერვალი 2019, 00:00 1676 ნახვა

ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობისა და ქურდულ გარჩევებში მონაწილების საქმეზე დაკავებული პირების  ადვოკატები, პროკურორებს ბრალდებულების მიმართ ცინიკურ დამოკიდებულებასა და არაობიექტურობაში ადანაშაულებენ. დაცვის მხარე ფრიდონ ქარცივაძისა და რამაზ შავაძის აცილებას ითხოვდა. ადვოკატებმა მოსამართლეს შუამდგომლობით სხდომაზე მიმართეს. 

მოსამართლე ლევან გელოვანმა დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

მოგვიანებით უფლებადამცველებმა მოსამართლის აცილებაც მოითხოვეს. განაცხადეს, რომ გელოვანი საქმის განხილვის პროცესში არაობიექტური იქნება, რადგან მან რამდენიმე საეჭვო მტკიცებულება დასაშვებად მიიჩნია.

ადვოკატები ყვებიან, რომ საქმის წარმოებისას მტკიცებულებები სრულყოფილად არ გადაეცათ. სადაოა ერთ-ერთი აუდიოჩანაწერიც, რომელიც საქმეში დევს, თუმცა მათი თქმით, დაცვის მხარეს ფონოგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია არ გააჩნია. 

პროკურორები ბრალდებებს უარყოფენ. ფრიდონ ქარცივაძის განმარტებით, ჩანაწერთან დაკავშირებით ადგილი აქვს გაუგებრობას. განმარტავს, რომ აღნიშნული დისკი თბილისში იყო ექსპერტიზაზე გადაგზავნილი და ამის შესახებ ადვოკატებმა იცოდნენ. მასალა ექპერტიზის დასრულების შემდეგ, დაცვის მხარეს გადაეცემა.

ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობისა და ქურდულ გარჩევებში მონაწილების საქმის განხილვა სასამართლოში ამ წუთებშიც მიმდინარეობს. 

სამართალდამცველებმა აჭარასა და თბილისში „ქურდული სამყაროს“ წევრობის და ქურდულ შეკრებაში მონაწილეობის ბრალდებით 10 პირი, 18 ივლისს დააკავეს.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში