ავტოსადგურის ეზოში სპეციალური ღია დახლები მოეწყობა - მერიის და გარემოვაჭრეების შეთანხმება

29 იანვარი 2019, 00:00 4754 ნახვა

ბათუმის მერიამ გარემოვაჭრეებს ძველი ავტოსადგურის ტერიტორიაზე, სპეციალური ღია დახლების მოწყობა შესთავაზა. ინიციატივას მოქალაქეები დათანხმდნენ და პროტესტი შეწყვიტეს. 

აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს რუსუდან დოლიძემ უთხრა, რომ ეს გადაწყვეტილება მათთვის მისაღებია და საპროტესტო აქციებს შეაჩერებენ. 

მერიაში ამბობენ, რომ 150-მდე სავაჭრო ფანჩატური მოეწყობა. 

ავტოსადგურის დირექტორი ზაურ სოლომონიძე ამბობს, რომ ორი თვის განმავლობაში გარემოვაჭრეები გადასახადისგან გათავისუფლდებიან. 

ამ პერიოდის გასვლის შემდეგ, მათ ყოველთვიურად ფანჩატურის გამოსასყიდად 50 დოლარის (ექვივალენტი ლარში) გადახდა მოუწევთ. თანხის სრულად დაფარვის შემდეგ კი, სხვა მოვაჭრეების მსგავსად, ისინი ავტოსადგურის ადმინისტრაციას, დაახლოებით 50 ლარს ჩაურიცხავენ.  

დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში, გარემოვაჭრეები მერიის შენობაში მრჩეველთ​ა საბჭოს წევრებს ხვდებოდნენ. შეხვედრაზე ითქვა, რომ ''წერეთლის ქუჩაზე გარევაჭრობა ვერ დაბრუნდება''. 

ბათუმის მერია თავდაპირველად ამ მოქალაქეებს, ძველი ავტოსადგურის ტერიტორიაზე არსებული შენობის, მეორე სართულზე სთავაზობდა გადასვლას. რასაც ისინი კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდნენ. 

წერეთლის ქუჩაზე, სავაჭრო დახლები გუშინ, გვიან ღამით აიღეს. 

აქციის მონაწილეებმა გუშინ, ჭავჭავაძის ქუჩაც გადაკეტეს. პოლიციასთან დაპირისპირების დროს კი ერთი ქალი დააკავეს. მოგვიანებით გარემოვაჭრე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში