საპნის, სარეცხი საშუალებების, კბილის პასტის შემადგენლობა და ხარისხი საქართველოში არ მოწმდება

18 იანვარი 2019, 00:00 2765 ნახვა

საქართველოში შემოტანილი კოსმეტიკური ნაწარმის, ჰიგიენური საშუალებების, საპნის, კბილის პასტისა და სხვა მსგავსი პროდუქციის შემადგენლობა არ მოწმდება. მისი კონტროლი ლაბორატორიებში თითქმის შეუძლებელია.

პარფიუმერიას, კოსმეტიკურ და ჰიგიენურ საშუალებებს დამატებით არც საბაჟოზე ამოწმებენ. 

სოფლის მეურნეობის ლაბორატორიის უფროსის, სანიტარული ექიმის რამაზ სურმანიძის ინფორმაციით, საქართველოში სარეცხი საშუალებები, საპნები და შამპუნები, ბოლოს 2005  წელს შემოწმდა, მაშინ სანიტარულ-ეპიდემიური, ანუ სპეციალური სამსახურიც არსებობდა. რომელიც უკვე 14 წელია გაუქმებულია. მას შემდეგ ქვეყანაში მხოლოდ სურსათისა და წყლის კვლევა ხორციელდება. 

მედიკოსები კი უხარისხო ჰიგიენური საშუალებებით გამოწვეულ საფრთხეებზე და დაავადებებზე საუბრობენ. კანის სიმშრალე, ქავილი, ალერგიული გამონაყარი, ცრემლდენა, ცემინება - ეს ის სიმპტომებია რომლითაც კანის ექიმს ყოველთვიურად ათობით პაციენტი მიმართავს. ნათია ბეჟანიძე სიმპტომებს პროდუქციის შემადგენლობას უკავშირებს. სპეციალისტი ეტიკეტირების საანდროობაზეც საუბრობს და ამბობს, რომ იმპორტირებული პროდუქციის შემოტანა და ხარისხის კონტროლი უნდა გამკაცრდეს.  

ქიმიკოსები ყვებიან, რომ ბევრი ანტიბაქტერიული საპონი, რომელსაც როგორც ზრდასრულები ასევე მცირეწლოვნები მოიხმარენ, ტრიკლოზანს შეიცავს. ის ვნებს კანს და თვალში მოხვედრისას დაავადებებს იწვევს.    ​

აჭარაში, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიულ კვლევითი ცენტრი აქვს, თუმცა დაწესებულებაში ამბობენ, რომ კოსმეტიკური საშუალებებისა და პარფიუმერიის შემოწმებისთვის საჭირო არც შესაბამისი სტანდარტი აქვთ და არც აკრედიტაცია. 

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში