სოფლის გზის დაზიანებისთვის ავტობანის მშენებლებს მოქალაქეებმა გზა ჩაუხერგეს

09 იანვარი 2019, 00:00 2872 ნახვა

მოქალაქეები ავტობანის მშენებლობის გამო სოფლის გზის დაზიანებას აპროტესტებენ. ხელვაჩაურის სოფელ მახვილაურში ბოლო აღწერის მიხედვით,593 ადამიანი ცხოვრობს. ისინი ყვებიან, რომ გზის მშენებლობის გამო დაუზიანდათ სახლებამდე მისასვლელი გზა, გადათხრილია სკოლის მიმდებარე ტერიტორია, ავარიის გამო შეუწყდათ ინტერნეტის მიწოდება. 

ამტკიცებენ, რომ მაგისტრალის მშენებლობაზე მომუშავე ტრაილერები და მაღალი გამავლობის ავტომობილები, ხშირად ხერგავენ ცენტრალურ გზას. 

მოქალაქეები ითხოვენ, რომ პატივი სცენ იქ მაცხოვრებლებს და მშენებლობის პარალელურად დაიცვან მათი ინტერესები. გზის მოწესრიგების მოთხოვნით დღეს აქციაც გამართეს და მშენებელი კომპანიის ავტომობილებს გზა ჩაუკეტეს.

შეკრებილები პოლიციის თხოვნით მალევე დაიშალნენ, თუმცა ამბობენ რომ აქციებს ისევ გამართავენ თუ მათი მოთხოვნები არ შესრულდება.

ხელვაჩაურის მერი დღეს ამბობს, რომ შეხვდება კომპანიის "პოლატიორის" წარმომადგენლებს და მოსახლეობის მოთხოვნებს დააკმაყოფილებენ.

ჯუმბერ ვარდმანიძე ინფორმაციით პირველ ეტაპზე ბილიკს მოაწყობენ, რომ მოსახლეობამ უსაფრთხოდ გადაადგილება შეძლოს.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში