მოზარდების მკვლელობის საქმეზე შსს-ში 10-მდე არასრულწლოვანი გამოიკითხა

22 დეკემბერი 2018, 00:00 1453 ნახვა

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს, 10-მდე არასრულწლოვანი გამოკითხა. მათი ნაწილი შსს-ში ადვოკატთან, ნაწილი კი მშობლებთან ერთად შევიდა. უფლებადამცველებს გამოკითხვის დეტალებზე გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე არ უსაუბრიათ. მედიასთან კომენტარი მხოლოდ ერთ-ერთი არასრულწლოვნის ადვოკატმა თამარ აბესაძემ გააკეთა, მისი თქმით შსს ამ საქმეში მნიშვნელოვან დეტალზე მუშაობს. გამოკითხული არასრულწლოვნები შემთხვევის უშუალო შემსწრეები და ის მოსწავლეები არიან, ვინც მკვლელობის დღეს შემთხვევის ადგილზე მოგვიანებით მივიდნენ. ისინი აქამდეც არაერთხელ გამოიკითხნენ.

ხორავას ქუჩაზე ორი არასრულწლოვანი დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი 2017 წლის 1 დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მეორე - მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს, 2 დეკემბერს გარდაიცვალა. მოგვიანებით პროკურატურამ სასამართლოს ორი ბრალდებული წარუდგინა, რომელთაგან ორივე გამართლდა დავით სარალიძის მკვლელობის ნაწილში. ამან დიდი საპროტესტო ტალღა და გენერალური პროკურორის, ირაკლი შოთაძის თანამდებობიდან გადადგომა გამოიწვია. ამას გარდა საქმის ხელახალი გამოძიება შსს-ს დაევალა, პარლამენტში კი უმცირესობის უმრავლესობით და თავმჯდომარეობით საპარლამენტო კომისია შეიქმნა. ამჟამად ორი ბრალდებულის მიმართ საქმე სააპელაციო ინსტანციაზე განიხილება, პარალელურად კი გამოძიებას აგრძელებს შსს.

ამავე კატეგორიაში