გაერთიანებული ოპოზიციის ულტიმატუმი - ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები

17 დეკემბერი 2018, 00:00 1718 ნახვა

გაერთიანებული ოპოზიცია ხელისუფლებას ულტიმატუმს უყენებს და ვადამდელ საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას სთხოვს. ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ ბრიფინგზე განაცხადა. 

ოპოზიცია არჩევნების ჩატარებასთან ერთად ითხოვს, რომ 2024 წლის ნაცვლად, პარლამენტში მაჟორიტარები აღარ შევიდნენ და მხოლოდ პროპორციული სიით მოხდეს პარლამენტის დაკომპლექტება. 

"ქართული ოცნების" გადაწყვეტილებით მაჟორიტარული სისტემით არჩევნები მხოლოდ 2024 წელს გაუქმდება. 

გაერთიანებული ოპოზიცია ასევე ითხოვს, თავიდან დაკომპლექტდეს ცენტრალური საარჩევნო კომისია და პასუხისგებაში მიეცეს ის პირები, რომლებიც რუსთავი2 მიერ გავრცელებულ კადრების მიხედვით, საარჩევნო ყუთებში, სავარაუდოდ ხელისუფლების სასარგებლოდ შემოხაზულ ბიულეტენებს ყრიან და აყალბებენ არჩევნებს.

"ვითხოვთ ყველა იმ პირის დასჯას, რომლებიც როგორც მმართველი გუნდის ყოფილი მინისტრი იტყოდა, ბღუჯა-ბღუჯად ყრიდნენ ბიულეტენებს ყუთებში და აყალბებდნენ არჩევნებს" - განაცხადა ვაშაძემ.

ამავე კატეგორიაში