საია: ხმის მიცემის ფარულობასა და ამომრჩეველთა ნების კონტროლის ტენდენციები ფიქსირდება

28 ნოემბერი 2018, 00:00 1591 ნახვა

დილის 10 საათისთვის არჩევნები მშვიდ გარემოში მიმდინარეობს, თუმცა ფიქსირდება ტენდენციები, რომლებიც ხმის მიცემის ფარულობასა და ამომრჩეველთა ნების კონტროლს უკავშირდება. ამის შესახებ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი სულხან სალაძე აცხადებს. 

ამ დროისათვის საიას დამკვირვებლების მიერ ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის 7 ფაქტი დაფიქსირდა. კაბინიდან გამოსული ამომრჩეველი მის მიერ გაკეთებულ არჩევანს სხვადასხვა პირს აჩვენებდა.

ახალქალაქის N1 საარჩევნო უბანზე კაბინიდან გამოსულმა ორმა ამომრჩეველმა გახსნილი ბიულეტენი დამკვირვებლებს უჩვენა; ახმეტის N4 უბანზე ამომრჩეველმა ბიულეტენი აჩვენა სადამკვირვებლო ორგანიზაცია „ადვოკატთა და იურისტთა ობსერვატორიის“ დამკვირვებელს; ახმეტის N12 უბანზე ორმა ამომრჩეველმა საუბნო საარჩევნო კომისიის ზედამხედველს ბიულეტენში შემოხაზული კანდიდატი აჩვენა; გურჯაანის N19 უბანზე კი ორმა ამომრჩეველმა დაფიქსირებული არჩევანი „კავშირი 21-ე საუკუნის“ - დამკვირვებელს აჩვენა. 

საიამ საარჩევნო უბნის მიმდებარედ დააფიქსირა ამომრჩეველთა ნების კონტროლის შემთხვევა, გლდანის N79, N80, N81 უბნებზე. „იქ, ფოიეში მობილიზებული არიან სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენლები. მათ აქვთ ამომრჩეველთა ფოტოებიანი სია. მითითებულ უბნებზე მისული ამომრჩევლები თავდაპირველ აღრიცხვას მათთან გადიან და ამის შემდგომ ხდება ამომრჩევლის შესვლა შესაბამის საარჩევნო უბანზე. აღნიშნულ პირები ამავე შენობაში არსებულ ერთ-ერთ ოთახს სამუშაო სივრცედ იყენებენ. ანალოგიურად ხდება ამომრჩეველთა აღრიცხვა ნაძალადევის N37-ე, N38-ე, N40-ე უბნებზე“, - ამბობს სულხან სალაძე.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია არჩევნების მეორე ტურს 300-მდე დამკვირვებლის საშუალებით ადევნებს თვალს.

ამავე კატეგორიაში