რას გთავაზობს სახელმწიფო, თუ ციტრუსი ჯერ კიდევ არ გაგიყიდიათ

24 ნოემბერი 2018, 00:00 2723 ნახვა

მიუხედავად იმისა, რომ ციტრუსის სეზონი დადგა, საჩინოს თემის სოფელ ზედა აჭყვაში  ფერმერების უმრავლესობას მანდარინი   არ მოუკრეფია. ამბობენ, რომ   ციტრუსის გაყიდვას  ვერ ახერხებენ, რადგან მყიდველები და  ციტრუსით დაინტერესებული რეალიზატორები სოფელში არ გამოჩენილან. ადგილობრივებმა  ქობულეთში მხოლოდ ერთი საწარმოს არსებობის შესახებ იციან, რომელიც მხოლოდ არასტანდარტულ მანდარინს იბარებს.



„შარშან  პირდაპირ ტრანსპორტით მოგვაკითხეს, ყუთებიც მოგვიტანეს. იყვნენ ერევანიდან, ბაქოდან და  მარნეულიდან . წელს კი ერთი კილოც არ გამიყიდია, არც გადამიცვლია რამეზე“ , - გვეუბნება ფერმერი  მურმან ბეჟანიძე.

„თავისი ფასი მანდარინს 50 თეთრი მაინც ქონდა ყოველთვის, წელს არცერთი მყიდველი არაა და ციტრუსიც არის ხეზე,დაუკრეფავი“- ყვება ეთერ გორჯელაძე.

ანალოგიური სიტუაცია სოფელ ბუკნარშიც. მოსახლეობა ციტრუსის რეალიზებაში დახმარებას სახელმწიფოს თხოვს. ადგილობრივების თქმით,  ბათუმში ბაზარზე ან მაღაზიებში ჩაბარება არ  უღირთ, რადგან ფასი დაბალია და ტრანსპორტირების ხარჯის გათვალისწინებით  მოგება არ რჩებათ.

„მანდარინს არ ვკრეფ,თუ ვერ გავყიდი რა აზრი აქვს, ტყუილად ფუჭდება, ლპება და შრომაც წყალში მეყრება. დახმარება გვჭირდება რა თქმა უნდა. არაფერი არაა, რომ მიიღონ მანდარინი, პავილიონები ან რაღაც მსგავსი ხომუნდა იყოს. გასაღების  ბაზარი ფაქტობრივად არ არის“-  გვიყვება ბუკნარში მცხოვრები  ციალა დიდმანიძე


 

აღნიშნულ  სოფლებთან ყველაზე ახლოს ციტრუსის მიმღები პუნქტი დაბა  ჩაქვში მდებარეობს.ობიექტის ხელმძღვანელი ამბობს, რომ თუ ფერმერი მათ მიმართავს  შეუძლიათ ჩაიბარონ ციტრუსი  და ტრანსპორტირებაც უზრუნველყონ. მიმღებ პუნქტში ციტრუსის ფასი  ხარისხის მიხედვით 45-დან 60 თეთრამდე მერყეობს.

„100 - დან 120 ტონამდე მანდარინი გვაქვს მიღებული. დაახლოებით 1500 ტონა ციტრუსის მიღებას ვაპირებთ, რომელიც  მოსკოვის ბაზრებზე იგზავნება. ფერმერებს ჩვენ თვითონ ვეხმარებით მანდარინის პუნქტამდე მოტანაში“  - ამბობს ჩაქვის ციტრუსის მიმღები პუნქტის ხელმძღვანელი სერგო ბათაძე.



ციტრუსის საკოორდინაციო შტაბის ხელმძღვანელი და მინისტრის მოადგილე  ირწმუნება, რომ  წელს მანდარინის რეალიზაცია შეუფერხებლად მიმდინარეობს. ჯამბულ ხოზრევანიძე პრობლემას  ინფორმირებულობის ნაკლებობაში ხედავს. ადგილობრივებმა  ჯერ კიდევ არ იციან სად და როგორ მოახერხონ მოსავლის რეალიზება. მისი  თქმით, ექპორტიორები არა  ოჯახში არამედ პირდაპირ  ციტრუსის საწარმოებსა და მიმღებ ობიექტებში მიდიან.

„მიმღები პუნქტების  ინსტიტუტი საკმაოდ დაიხვეწა , ყველა ექსპორტიორი  მიდის მიმღებ პუნქტებტან და არა უშუალოდ მეციტრუსეებთან.მოსახლეობის გარკვეული ნაწილი  მიჩვეული იყო ,რომ  ექსპორტიორები ეზოში აკითხავდნენ და შესაბამისად, შესაძლოა, ეს არის მიზეზი იმ კითხვებისა, რაც მოსახლეობას გაუჩნდა“  - ამბობს ჯამბულ ხოზრევანიძე.

ფერმერებს ციტრუსის რეალიზების შესახებ ინფორმაცია შეუძლიათ  მიიღონ ცხელი ხაზზე -  1501. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ქობულეთში  სულ 17  მიმღები პუნქტი ფუნქციონირებს, მანდარინის ექსპორტმა კი 3 069 ტონა შეადგინა.

გასულ წელს,  ამავე პერიოდში ექსპორტირებული იყო 911 ტონა.  ძირითადი საექსპორტო ქვეყნები კი რუსეთი, უკრაინა, ლატვია, ყირგიზეთი, სომხეთი და ყაზახეთია.

25 ნოემბრიდან უნდა დაიწყოს  არასტანდარტული მანდარინის სუბსიდირების პროგრამა. გასული წლების მსგავსად , 1 კილოგრამ სამრეწველო მანდარინზე  თანადაფინანსება 10 თეთრია.

 

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში