ცილისწამებისთვის მედეა ვასაძე ირაკლი ჭეიშვილს ლარს გადაუხდის - სასამართლოს გადაწყვეტილება

20 ნოემბერი 2018, 00:00 2729 ნახვა

ფოტო: არქივი

მედეა ვასაძე ირაკლი ჭეიშვილს მორალური ზიანის მიყენებისთვის სიმბოლურად ერთ ლარს გადაუხდის.  ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ გადაწყვეტილება დღეს გამოაცხადა და სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა.  ხათუნა ბოლქვაძემ უმაღლესი საბჭოს ყოფილ დეპუტატს დაავალა, 2015 წელს მედია საშუალებებით  გავრცელებული ინფორმაციის უარყოს. 

საქმე ეხება საზღვარზე ნარკოტიკების გადმოტანის საკითხს. 

სამი წლის წინ, მედეა ვასაძემ და მურმან დუმბაძემ განაცხადეს, რომ ირაკლი ჭეიშვილი სამსახურებრივი ავტომანქანით თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდა, უკან დაბრუნების შემდეგ ავტომობილი პოლიციამ დააკავა, საიდანაც ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს. 

სასამართლო პროცესებზე კი ჭეიშვილი აცხადებდა, რომ იგი ხსენებულ პროცესში არ მონაწილეობდა და არც ავტომანქანაში იმყოფებოდა.

გადაწყვეტილების გამოცხადების დროს მედეა ვასაძე და მურმან დუმბაძე სასამართლოს სხდომათა დარბაზში არ იმყოფებოდნენ. 

აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლების, მურმან დუმბაძესა და მედეა ვასაძის წინააღმდეგ სარჩელი 2015 წელს შეიტანა.

აპირებენ თუ არა გადაწყვეტილების გასაჩივრებას მედეა ვასაძე და მურმან დუმბაძე? მაუწყებელი ინფორმაციის გასარკვევად მხარეებს დაუკავშირდება.  

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში