ლაშა დეკანაძე უდანაშაულოა - უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება

09 ნოემბერი 2018, 00:00 2930 ნახვა

ბათუმში, 2017 წლის 11-12 მარტის საპროტესტო აქციებზე დაკავებული ლაშა დეკანაძე უზენაესმა სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო და იგი ოთხივე ბრალდებაში გაამართლა.

პროცესს თავად ბრალდებული არ ესწრებოდა. წელიწადნახევრიანი პატიმრობის შემდეგ ლაშა დეკანაძე, 2 კვირის წინ, პირობით ვადაზე ადრე გაათავისუფლეს. 

ადვოკატი დავით ჯაფარიძე აცხადებს, რომ დეკანაძეს ბრალდება სრულად მოეხსნა. ''ის არის ერთადერთი ადამიანი, რომელმაც სასამართლოში ბოლომდე იბრძოლა და გამამართლებელი განაჩენიც დადგა'' - უთხრა მაუწყებელს უფლებადამცველმა. 

რაც შეეხება სტრასბურგის სასამართლოში დავის საკითხს, ლაშა დეკანაძესა და მის ოჯახს გადაწყვეტილება ჯერჯერობით არ მიუღიათ.

11-12 მარტის მოვლენებზე, თავდაპირველად დეკანაძეს გამოძიება პოლიციელზე თავდასხმას, პოლიციის  მანქანის დაზიანებას და დარბევას ედავებოდა, თუმცა სამივე ბრალდებაში გამართლდა, მას 2  წლით პატიმრობა ხულიგნობის  მუხლით მიუსაჯეს. 

საპროცესო შეთანხმებაზე ლაშა დეკანაძემ უარი თქვა. იგი ''ბათუმის აქციის საქმეზე“ წაყენებულ ბრალს არ აღიარებდა. 

ჯგუფური ძალადობისთვის დაკავებულ მოქალაქეების ნაწილს გასულ წელს, პროკურატურამ საპროცესო შეთანხმება, ბრალის აღიარების შემდეგ გაუფორმა. ირაკლი ჩხვირკიამ და მერაბ ღოღობერიძე კი საპატიმრო დაწესებულება 6 მარტს, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მუდმივმოქმედი კომისიის (უდოს) გადაწყვეტილებით დატოვეს.

ნინო ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში