ციხეს ჯერ არავინ გამოუსწორებია - გრიგოლ ვაშაძე

05 ნოემბერი 2018, 00:00 1748 ნახვა

გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშიას" საპრეზიდენტო კანდიდატი იმ კატეგორიის პატიმრებზე საუბრობს, რომლის შეწყალებასაც გაპრეზიდენტების შემთხვევაში გეგმავს. 

გრიგოლ ვაშაძის თქმით, შეწყალება უნდა შეეხოს ადამიანებს, რომლებიც საზოგადოებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. 

''გაერთიანებული ოპოზიცია, როგორც კი ის ხელისუფლებაში მოვა, აპირებს შეიწყალოს დედები, რომელსაც მცირეწლოვანი შვილები ჰყავთ და არ აქვთ მძიმე სისხლის სამართლის დანაშაული ჩადენილი. ძალიან ნიჭიერი ხელოვანი ადამიანები, რომლებიც ჯერ კიდევ ციხეში არიან, ნარკოტიკების შეძენა-შენახვაზე ან მსუბუქი ნარკოტიკის მოხმარებაზე. აი რას ვაპირებთ ჩვენ'' - თქვა ბრიფინგზე ვაშაძემ.

საპრეზიდენტო კანდიდატი ამბობს, რომ ქვეყანაში კრიმინალის დონე გაზრდილია. მისივე განმარტებით, 2012 წლის შემდეგ ციხეები დატოვეს ადამიანებმა, რომლებსაც მძიმე დანაშაული ჰქონდათ ჩადენილი. 

''მინდა ხელისუფლებას შევახსენო, რა გააკეთა 2012 წლის  28 დეკემბერს, როდესაც დაძლია პრეზიდენტ სააკაშვილის ვეტო და შეუმცირეთ სასჯელი იმ ადამიანებს, რომლებსაც უკიდურესად მძიმე სისხლის სამართლის დანაშაული ქონდათ ჩადენილი. ბესელიას ფოფხაძის და კვაჭანტირაძის მიერ ინიცირებული ამნისტირების შედეგად თავისუფლებაზე გამოუშვით რუსი ჯაშუშები და აგრეთვე მუხროვანის მეამბოხეები. ისეთი სადისტები, რომელთა გვარისა და სახელის დასახელება არ მინდა, რომელმაც გორში 8 წლის ბავშვს სადისტურად სიცოცხლე წაართვა. დღეს კი დასდევთ იმ ხალხს, რომელიც ციხიდან გამოუშვით, რომ უკან დააბრუნოთ. მკვლელები, პედოფილები, გამომძალველები. ეს არის ე.წ. ხელისუფლებას და გაერთიანებულ ოპოზიციას შორის განსხვავება. ის ახალგაზრდები, რომლებიც შენახვა შეძენისთვის ან მსუბუქი ნარკოტიკების მოხმარებისთვის ციხეში არიან აუცილებლად უნდა გამოვიდნენ, ციხეს ჯერ არავინ გამოუსწორებია - ამბობს ვაშაძე.

საპრეზიდენტო კანდიდატმა ბრიფინგის დროს რამდენჯერმე ახსენა სიტყვა ამნისტია, ჟურნალისტის კითხვის შემდეგ კი  განმარტა, რომ ამ ეტაპზე შეწყალებაზე საუბრობდა. ''მოვალთ ხელისუფლებაში და მერე ვილაპარაკებთ ამნისტიაზე. მანამდე არავინ არ უშლის ხელს პრეზიდენტს შეიწყალოს ის კატეგორიები რომელიც ჩამოვთვალე. 

გრიგოლ ვაშაძემ დღეს არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებითაც ისაუბრა და განაცხადა, რომ ხელისუფლება გაყალბებისთვის ემზადება. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი