სად არის წყალი აუზში, ესეც ბეტონია და ბეტონის ფასი კარგად ვიცი - ბიძინა ივანიშვილი მაღალჩინოსნების სახლებზე

23 ოქტომბერი 2018, 00:00 7364 ნახვა

ბიძინა ივანიშვილმა ხელისუფლების მაღალჩინოსნებისა და პარლამენტარების სახლებთან და ქონებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზეც ისაუბრა და ტელეკომპანია ''რუსთავი 2'' სიცრუის ტირაჟირებაში დაადანაშაულა. 

პარტია ''ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს'' თავმჯდომარემ თქვა, რომ მასალებში ბევრი სიცრუე გაიპარა. 

ივანიშვილი განმარტავს, რომ შავი კარკასის აშენება ძვირი არ ჯდება. დღეს ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს მან სახლი მშენებლობის ხარჯებიც დაიანგარიშა. 

''სესიაშვილის სახლი 310 კვადრატული მეტრია, არის მხოლოდ შავი კარკასი აშენებული და მინებია ჩასმულ - მაქსიმუმი ფასი არის 140 დოლარი, როდესაც კომპანიას არ ქირაობ, მისი აშენება შეგიძლია 100 დოლარად.  310-ზე რომ გავამრავლოთ 31 000 დოლარი გამოვა'' - თქვა ბიძინა ივანიშვილმა. 

მისივე განმარტებით, აუზის მშენებლობა კი ''კაპიკები ჯდება''.

''აუზი საერთოდ „კაპიკები“ დაჯდებოდა, არ არის ეს აუზი გაშვებული და არ ფუნქციონირებს. სად არის წყალი აუზში, ესეც ბეტონია და ბეტონის ფასი მე კარგად ვიცი''. 

პარტია ''ქართული ოცნების'' თავმჯდომარე აცხადებს, რომ რეპორტაჟის ადრესატებს ქონებასთან დაკავშირებით კითხვები არ დაუსვეს.  

„ბოლო ერთი კვირის განმავლობაში „რუსთავი 2“-მა მთავრობის რამდენიმე წევრის სახლი გამოიტანა და აჩვენა მაყურებელს, სოციალურ ქსელებში იყო დიდი რეაქცია, მაგრამ არც ერთს არ შეკითხვიხართ, საიდან და როგორ აქვთ ეს ქონება, ან მისი არის თუ არა. უამრავი გადაცდომა გქონდათ, რაც უკვე დადასტურდა, რომ სხვის ნაკვეთებს მიაწერდით პრემიერ-მინისტრს, ასევე მიაწერდით სხვა შემთხვევაშიც. როდესაც თვითონ გააქტიურდნენ, მანანა კობახიძე დაგიკავშირდათ, იზორია, თქვენ მათი პოზიცია არ დააფიქსირეთ. თქვენ აირჩიეთ მხოლოდ სესიაშვილი, სადაც სესიაშვილმა ასით ნული მოგიგოთ. პრემიერ-მინისტრთან მიმართებით, საერთოდ სირცხვილი იყო, რაც გააკეთეთ, ვინაიდან 20 წლის წინანდელი სახლი გამოიტანეთ, როდესაც პრემიერი ალბათ თინეიჯერი იყო ან სტუდენტი. აჩვენეთ თუ როგორ არის კორუფციაში ჩართული და ამ დროს მეზობლის ნაკვეთიც გადაიღეთ'' - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. 

ბიძინა ივანიშვილი ჟურნალისტების შეკითხვებს დაახლოებით ერთი საათია პასუხობს. 

 

ამავე კატეგორიაში