არა ვარ მომხრე ბევრი ბეტონის, პირიქით მომხრე ვარ მეტი გამწვანების - ბათუმის მერი

23 ოქტომბერი 2018, 00:00 3197 ნახვა

''სამრეწველო უბანში მწვანე სივრცეები თითქმის არ გვხვდება, ეს კი მოსახლეობას დიდ პრობლემას გვიქმნის'' - სარეკრეაციო ზონის მოწყობის საკითხზე მეზობლების სახელით ნინო ლომაიამ ისაუბრა. ის ბათუმის შემოერთებულ ტერიტორიაზე ცხოვრობს. ამბობს, რომ ინფრასტრუქტურულ პრობლემების მიღმა, მწვანე სივრცეების დეფიციტი აქვთ. 

რეკრეაციული ზონების მოწყობის სათხოვნელად, მან საკრებულოს მიერ მოქალაქეებისთვის დათმობილი ტრიბუნა გამოიყენა. ''ღია კარის დღეზე'' თქვა, რომ სახლებს შორის პატარა სკვერებიც კი მოუწესრიგებელია, ტერიტორიას ბალახისგან არავინ ასუფთავებს. 

შეხვედრაზე ქალაქში მწვანე სივრცეების არარსებობაზე რამდენიმე გამომსვლელმა ისაუბრა. 

რეკრეაციული ზონების დეფიციტი თითქმის ყველა უბანშია. ახალაშენებული კორპუსების დიდ ნაწილს არც ეზო აქვს და არც სკვერი. მრავალსართულიან სახლებს შორის მხოლოდ რამდენიმე ხეს თუ იპოვით, ტერიტორიის დიდი ნაწილი კი პარკირებას უჭირავს. თუმცა როგორც კორპუსში მცხოვრებლები ამბობენ, ავტომობილების გასაჩერებლადაც არ არის ეს სივრცე საკმარისი. 

სიმწვანის არარსებობა პრობლემაა დედებისთვის და მოხუცებისთვის. პატარას გასასეირნებლად მშობლებს  ნახევარი ქალაქის გავლა უწევთ. 

ბათუმის მერი ირწმუნება, რომ ის ფილების და ბეტონების მომხრე არ არის. ''მომხრე ვარ მეტი გამწვანების'' - უთხრა აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს ლაშა კომახიძემ. 

''აქტიურად ვმუშაობთ ახალი სკვერების დაპროექტებაზე, უკვე არსებულის პროექტებსაც გადავხედე, რადგანაც არა ვარ მომხრე ბევრი ფილის, ბევრი ბეტონის, პირიქით მომხრე ვარ მეტი გამწვანების, მეტი მწვანე საფარის. შესაბამისად ვცდილობთ, რომ არსებულ პროექტებში შევიტანოთ მეტი სილამაზე, მეტი ესთეტიურობა და ისეთი სახით წარვუდგინოთ საზოგადოებას''.

ბათუმის მერმა დღეს კონკრეტული ადგილების დასახელებისგან თავი შეიკავა. უბრალოდ თქვა, რომ ასეთი ადგილი ბევრია. 

''არაერთხელ მითქვამს, რომ ქალაქში სხვადასხვა ადგილებში მოვაწყობთ სკვერებს, არ მინდა რომ წინასწარ ნათქვამი გამომივიდეს. ამიტომ კონკრეტული შედეგის მიხედვით მოგაწვდით ინფორმაციას. ერთ-ერთი არის ცენტრალური ეკლესიის წინ მდებარე სკვერი. ესკიზი უკვე გამოვაქვეყნეთ, მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა დადებითად შეხვდა. 2018 დაიწყება და მომდევნო წელს დასრულდება სამუშაოები, რისთვისაც  მილიონ ნახევარი ლარი არის გათვალისწინებული'' - განაცხადა მერმა მაუწყებელთან. 

რაც შეეხება მოქალაქის მიმართვას, საკითხს შესაბამისი სამსახურები განიხილავენ. 

 

ამავე კატეგორიაში