არჩეული მერის მოვალეობას, სავარაუდოდ, ხულოს პირველი პოლიციელი ვახტანგ ბერიძე შეასრულებს

18 ოქტომბერი 2018, 00:00 8459 ნახვა

ხულოს მერიაში 17 ოქტომბერს განხორცილებული ცვლილებების შედეგად, სავარაუდოდ, არჩეული მერის მოვალეობას ვახტანგ ბერიძე შეასრულებს, რომელიც ხულოს პოლიციის სამმართველოს უფროსი იყო.  ხულოს მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ის გუშინ მერის პირველ მოადგილედ დაინიშნა. 

გუშინვე დაწერეს თანამდებობიდან წასვლის შესახებ ოფიციალური განცხადებები ხულოს არჩეულმა მერმა გოჩა მელაძემ და მისმა პირველმა მოადგილემ ლაშა ბოლქვაძემ.

კანონმდებლობით, ახალი მერის არჩევისთვის ხულოში შუალედური არჩევნები უნდა გაიმართოს, მანამდე კი, მერის მოვალეობის შესრულების ვალდებულება პირველ მოადგილეს აქვს.

ამ შემთვევაში ხულოს პოლიციის უკვე ყოფილი უფროსი და მერის უკვე პირველი მოადგილე ვახტანგ ბერიძე, სავარაუდოდ, დროებით მოვალეობის შემსრულებელი იქნება. 

ვახტანგ ბერიძე ხულოს პოლიციის უფროსად სამი თვის წინ დაინიშნა. იგი წლების წინ ამავე უწყების ხელმძღვანელი იყო. ივლისამდე კი აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ მუშაობდა. 

გუშინ, 17 ოქტომბერს, მაუწყებელს დილიდან ჰქონდა ინფორმაცია ხულოს მერის თანამდებობიდან წასვლის შესახებ. მაუწყებლის წყაროს ინფორმაციით, მელაძის მუშაობით "ქართული ოცნება" უკმაყოფილო იყო. ის, რომ მასთან შენიშვნები და ჩავარდნები ჰქონდა მუშაობაში, აჭარის მთავრობის თავმჯდომარეც აღნიშნავდა, თუმცა არავინ ადასტურებდა გოჩა მელაძის წასვლის შესახებ ინფორმაციას. 

მათ შორის არც არჩეული მერი გოჩა მელაძე. მან მაუწყებელს უთხრა, რომ 31 ოქტომბრამდე შვებულებაშია და არსად აპირებს წასვლას.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში