ბათუმში მიკროავტოვბუსების გადაადგილების მარშრუტი შესაძლოა მცირედით შეიცვალოს

05 სექტემბერი 2018, 00:00 2595 ნახვა

პირველი სექტემბრიდან ქალაქში ახალი სამარშრუტო ხაზები ამოქმედდა, 400-ის ნაცვლად, ბათუმის ქუჩებში ყოველდღიურად მხოლოდ 250 მიკროავტობუსი დადის.

ყველაზე მეტად ცვლილებები გორგილაძისა და ჭავჭავაძის ქუჩებს შეეხო, სადაც მიკროავტობუსების რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა.  გორგილაძის (ყოფილი გორკის) ქუჩაზე, ყოველდღიურად 200 მიკროავტობუსის ნაცვლად, მხოლოდ 70 დადის. ამ ქუჩაზე მგზავრებს ტრანსპორტის ლოდინი, ცვლილებების პროპორციულად უფრო დიდხანს უწევთ. 

ცვლილებებმა კონკრეტულ მარშრუტზე მოქალაქეებისა და მძღოლების სერიოზული პროტესტიც გამოიწვია. მაგალითად თამარის დასახლებაში მოძრავი 29 ნომერი, გორგილაძის ნაცვლად ბაგრატიონზე გადავიდა, რის გამოც მგზავრებს, რომლებიც გარეუბნიდან პირდაპირ ქალაქის ცენტრალურ ნაწილში ხვდებოდნენ, ახლა სხვა სამარშრუტო ტაქსზე გადაჯდომა უწევთ. ეს კი, როგორც მოქალაქეები ამბობენ, გაორმაგებული ხარჯია. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელთან ბათუმის  საქალაქო ტრანსპორტის განყოფილების უფროსი ემზარ ქავჟარაძე ამბობს, რომ სატრანსპორტო რეფორმის განხორციელება რთული და მტკივნეული პროცესია საზოგადოებისთვის და ქმნის პრობლემებს, თუმცა ამავდროულად ის ცოცხალი პროცესია და დაკვირვება მიმდინარეობს ხაზების მუშაობაზე, რომელიც მცირედით შეიძლება შეიცვალოს.  

"როცა ასეთი რეფორმა ტარდება, ცვლილებებს ბუნებრივია მოჰყვება  დისკომფორტი და პატარ-პატარა პრობლემები. სატრანსპორტო ქსელის გამართვა არის მუშა პროცესი და 1 სექტემბრიდან მიმდინარეობს ყველა სამარშრუტო ხაზზე დაკვირვება, თუ სადმე რაიმე პრობლემა იქნება ან ცვლილების შეტანის აუცილებლობა გამოიკვეთება, მცირე ზომის ცვლილებებს შევიტანთ ხაზების მოძრაობაში" - განაცხადა ემზარ ქავჟარაძემ.

რა ტიპის ცვლილება შეიძლება განხორციელდეს მაგალითად თამარის დასახლებიდან მოძრავ 29 ნომერთან დაკავშირებით? მოქალაქეები აქციებით იმუქრებოდნენ.  ამ კითხვაზე კონკრეტულად არ უპასუხა სამსახურის უფროსმა, თუმცა არ გამორიცხავს დაზუსტებები შევიდეს მარშრუტში. 

"ჩვენ ამ ხაზის მძღოლებს შევხდით და შევთანხმდით, რომ დავაკვირდებით და თუ აუცილებელია ცვლილებები განხორციელდება. ჩვენი საბოლოო მიზანია მოწესრიგდეს ქალაქში სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა და მგზავრთა მომსახურება" - განაცხადა სამსახურის უფროსმა აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან. 

 

 

 

 

 

თეონა ბაკურიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში