დაშავებულების მკურნალობის ხარჯებს თურქული მხარე დაფარავს - ზაალ მიქელაძე

15 აგვისტო 2018, 00:00 7109 ნახვა

დაშავებულების მკურნალობის ხარჯებს თურქული მხარე დაფარავს - ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ტრაპზონში განაცხადა. ზაალ მიქელაძის განმარტებით, მას ამის თქმის საფუძველს, მხარეებს შორის თანამშრომლობის, აქამდე არსებული პრაქტიკა აძლევს.

პაციენტები ტრაპზონის კერძო და სახელმწიფო კლინიკებში არიან მოთავსებული. 

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის თქმით, თუ კერძო კლინიკა დამატებით ანაზღაურებას მოითხოვს, ანგარიშფაქტურა საქართველოს საკონსულოში გადაიგზავნება, ამ ხარჯებს კი ქართული მხარე დაფარავს. 

დაშავებულების შემდგომ რეაბილიტაციას კი აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო უზრუნველყოფს.

საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც თურქეთში სეზონურ სამუშაოებზე იყვნენ დასაქმებულები სამედიცინო დაზღვევა არ ჰქნდათ.

აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ავარიის დროს დაშავებულმა ერთ-ერთმა მოქალაქემ ავტოსაგზაო შემთხვევის მომენტი გაიხსენა. დაზარალებულის თქმით, მძღოლი მობილურ ტელეფონზე არ საუბრობდა და ტრანსპორტით გადაადგილების დროს, საჭესთან არ ჩაძინებია

დაშავებული მეზობელ ქვეყანაში სამუშაოდ იმყოფებოდა. საქართველოს მოქალაქე, ამ ეტაპზე ტრაპზონის სახელმწიფო კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის. მას სამედიცინო დაწესებულებიდან, დაახლოებით, ერთ კვირაში გაწერენ

რაც შეეხება ორ დაშავებულს, რომლებიც აჭარის მაღალმთიანეთიდან არიან. მამაკაცის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა და ის რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. პაციენტს შესაძლოა განმეორებითი ოპერაცია დასჭირდეს.

სამარშრუტო ტაქსის მძღოლი სამართალდამცველებმა ჯერ დააკავეს, რამდენიმე საათში კი გაათავისუფლეს. საქმეზე გამოძიება გრძელდება. 

თურქეთში, ქართული სანომრე ნიშნებით მოძრავი მიკროავტობუსი ცენტრალურ მაგისტრალზე ამობრუნდა, ტრანსპორტით საქართველოს მოქალაქეები გადაადგილდებოდნენ. ისინი მეზობელ ქვეყანაში სეზონურად მუშაობდნენ. სამი დაშავებული კლინიკაში რჩება, სამარშრუტო ტაქსიში მყოფი საქართველოს 17 მოქალაქე კი საქართველოში დაბრუნდა. მათ მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებოდათ. 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში