საბერძნეთში  სამდღიანი  გლოვა  გამოცხადდა - ხანძარი  ათენის  გარეუბანში

24 ივლისი 2018, 00:00 2465 ნახვა

ცხელი ზაფხული და ძლიერი ქარი სახელდება მიზეზად, რის გამოც ამ დრომდე ვერ ხერხდება საბერძნეთში, ათენთან ახლოს მასშტაბური ხანძრის ლოკალიზება. ფაქტი უკვე შეფასდა ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე რთული პერიოდად – ათობით დაღუპული და ასობით დაშავებული მოქალაქე, ხანძრის შედეგად განადგურებული სოფლები, დამწვარი სახლები და ავტომანქანები – ქვეყანა დაღუპულებს გლოვობს და დახმარებას ითხოვს. მასშტაბურ ხანძარს მეხანძრე-მაშვეელები ახლაც ებრძვიან. საბერძნეთს ევროპის რამდენიმე ქვეყანამ ცოცხალი ძალა და ტექნიკა უკვე გაუგზავნა. 

ქვეყანას უსამძიმრებს საქართველო. საბერძნეთში საქართველოს საელჩო მუშაობის საგანგებო რეჟიმზეა გადასული, ამოქმედებულია ცხელი ხაზი. საელჩოს მიერ გავრცელებული ბოლო ინფორმაციის თანახმად, ხანძრის შედეგად არ გარდაცვლილა საქართველოს არცერთი მოქალაქე. დიასპორა მზადყოფნას გამოთქვამს შექმნას მოხალისეობრივი ჯგუფი და დაეხმაროს დაზარალებულებს.

პარალელურად საბერძნეთს დახმარებას სთავაზობს საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური. უწყებამ საბერძნეთის სამოქალაქო უსაფრთხოების გენერალური მდივნის სახელზე ოფიციალური მიმართვა გაავრცელა. “ამ მძიმე წუთებში, ჩვენი ფიქრები არის ბერძენ ხალხთან, მსხვერპლთა ოჯახებთან და ყველა იმ ადამიანთან, რომელიც დაზარალდა ტრაგიკული შემთხვევის შედეგად. გამოვხატავთ მზადყოფნას, რომ თქვენი მოთხოვნის შესაბამისად, აღმოგიჩინოთ დახმარება ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში.” – ნათქვამია მიმართვაში. 

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში