გაფიცულები: ''დავიშლებით დღესვე, თუ 1500 ლარიან ხელფასზე ხელს მოგვიწერენ, კალაძეს საზოგადოება შეცდომაში შეყავს''

04 ივნისი 2018, 00:00 1842 ნახვა

გაფიცულების პასუხი თბილისის მერს, რომელმაც განაცხადა, რომ მემანქანეებს 1600-დან 1800 ლარამდე აქვთ ანაზღაურება. 

"დავიშლებით დღესვე, თუ 1500 ლარიან ხელფასზე ხელს მოგვიწერენ", - ასე პასუხობენ თბილისის მეტროში გაფიცულები ქალაქის მერს".

მემანქანეები, ამბობენ რომ ისინი არ ითხოვენ არც მეტროს გაძვირებას, რაზეც კახი კალაძე აპელირებდა. 

on.ge -თან საუბარში მემანქანეები ამბობენ, რომ არ საუბრობენ შანტაჟის ენით. "ჩვენ არ ვსაუბრობთ შანტაჟის ენით, ჩვენ ყოველ წუთს და ყოველ წამს მზად ვართ დავჯდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან და დათმობაზე წავიდეთ. არ ვცდილობთ საზოგადოებისთვის პრობლემების შექმნა, ყოველთვის ვითხოვდით, რომ ხელფასიდან დანამატის თანხა გამონახული ყოფილიყო. შეეზღუდათ თავისთვის დანამატები, პრემიები და იმ თანხებიდან მომხდარიყო ხელფასის გაზრდა.

ჩვენი ხელფასი თურმე ყოფილა 1400 დან 1800 ლარამდე. მემანქანის ხელფასი არის 1093 ლარი პლუს დანამატი 55 ლარი მავნე პირობებისთვის და ღამის მოცდენის საათები 31.60 ლარი, რაც გამოდის ხელზე ასაღები თანხა 1200 ლარამდე", -აცხადებს მეტროს მემანქანე ნუგზარ გაგუა.

მეტროს თანამშრომლების განცხადებით, ისინი ხელფასების 45% პროცენტით გაზრდას და 2013 წლის სახელფასო ნიშნულზე დაბრუნებას ითხოვენ.

"ვითხოვთ ხელფასის იმ ნიშნულზე დაყენებას, რაც იყო 2013 წელს, მოხდა ინფლაცია გაუფასურება და ეს არ არის ხელფასის მატება", - აცხადებს on.ge  სთან მეტროს თანამშრომელი ხათუნა ჩიტიაშვილი.

მეტროს მემანქანეებმა გაფიცვა და შიმშილობა გუშინ დაიწყეს, რამაც დღეს, 4 მაისს, მეტროს პარალიზება გამოიწვია. მეტროს მემანქანეები მოითხოვენ, რომ მათი თანამდებობრივი სარგო 1500 ლარამდე გაიზარდოს.

მემანქანეების გაფიცვის უფლება თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ სასამართლოში ორჯერ გაასაჩივრა. სასამართლოს ბოლო გადაწყვეტილებით, მემანქანეებს გაფიცვის უფლება განუსაზღვრელი ვადით შეუჩერდათ. ამის მიუხედავად მეტრო გაფიცულია.

სატრანსპორტო კომპანია მემანქანეებს კანონის დაცვისკენ მოუწოდებს. მეტროს მემანქანეების გაფიცვის გამო, საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფასოდ მოძრაობს.

თბილისის მერის შეფასებით, მეტროს მემანქანეების გაფიცვა, მოქალაქეებისა და მერიის შანტაჟია. მისივე თქმით, მეტროს მემანქანეების ხელფასი 1 400-დან 1 800-მდე მერყეობს. 

ამავე კატეგორიაში