''უკვდავი პოლკი'' მსვლელობისთვის ბათუმის მერიას შეუთანხმდა

07 მაისი 2018, 00:00 4576 ნახვა

9 მაისს, ფაშიზმზე გამარჯვების დღეს, "უკვდავი პოლკის" მსვლელობა ბათუმშიც გაიმართება. მემედ აბაშიძის ქუჩაზე მსვლელობის გასამართად, ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ "საქართველოს სლავი ხალხების ეროვნული კონგრესის" პრეზიდენტს ლიკა ზახაროვას თანხმობის წერილი უკვე გაუგზავნა. 

მსვლელობის შესახებ გაფრთხილება მერიაში 3 მაისს შევიდა.

"შეკრებისა და მანიფესტის" შესახებ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის 8 პუნქტის თანახმად, მსვლელობის დროს უნდა დაიცვათ საქართველოს ამ კანონისა და სხვა საკანონმდებლო აქტებით განსაზღვრული მოთხოვნები" - წერია დოკუმენტში, რომელიც გაეგზავნა "უკვდავი პოლკის" მსვლელობის ორგანიზატორებს. 

კონკრეტულად რას გულისხმობდა მერია  საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით განსაზღვრული მოთხოვნებში, ამაზე მერიიდან პასუხი ვერ მივიღეთ. 

საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით კი, ქვეყანაში აკრძალულია საბჭოთა და ნაცისტური სიმბოლიკის გამოყენება, მათ შორის დროშის, გერბის და ა.შ.

სოციალურ ქსელში, ბათუმელების ნაწილმა მერიის გადაწყვეტილება გააპროტესტა, რადგან მიიჩნევენ, რომ ეს არის რუსული პროპაგანდის ნაწილი და აქცია სწორედ ამ მიზნებს ემსახურება. 

რას ფიქრობენ თავად აქციის ორგანიზატორები, "უკვდავი პოლკის" ხელმძღვანელი საქართველოში რევაზ გოგიძე, რომელიც ბათუმში აქციისთვის ემზადება, აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ამბობს, რომ აქცია  მხოლოდ და მხოლოდ მეორე მსოფლიო ომში დაღუპულების ხსოვნის პატივისცემას ემსახურება, აქციაზე კი არ იქნება გამოყენებული საბჭოთა კავშირის სიმბოლო და მათ შორის არც გეორგიევსკის ლენტი.

" ეს აქცია ტარდება მსოფლიოს 150 ქვეყანაში და მისი მიზანია სამამულო ომში დაღუპულების გახსენება, ჩვენ აზრი მოგვეწონა და გმირების ხსოვნის უკვდავსაყოფად მსვლელობას მოვაწყობთ თბილისში, ბათუმსა და გორში. რაც შეეხება სიმბოლოებს, ჩვენ ვიცით კანონი და კანონმორჩილი ადამიანები ვართ, ამიტომ აქციაზე იქნება მხოლოდ ომში დაღუპულების ფოტოები, სხვა არც ერთი სიმბოლო არ გამოჩნდება" - ამბობს გოგიძე.

"უკვდავი მარშის" ორგანიზატორის თქმით,  საქართველოს მიწები არის ოკუპირებული რუსეთის მიერ. "რა თქმა უნდა მე ვფიქრობ, რომ საქართველოს ტერიტორია ოკუპირებულია... ვის მიერ? რუსეთის მიერ" - ამბობს გოგიძე.   

 "უკვდავი პოლკი" ეს არის მსვლელობა, რომელიც 2012 წლიდან საკმაოდ პოპულარულია რუსეთში, ამ მსვლელობებში აქტიურად არის ჩართული რუსეთის მმართველი პარტია, ბაიკერული კლუბი "ღამის მგლები" და თავად ვლადიმერ პუტინიც.

9 მაისს მსვლელობა, ომის ვეტერანების ფოტოებით, საბჭოთა სიმბოლიკებით და გეორგიევსკის ლენტებით მიმდინარეობს და მას რუსული მედიასაშუალებების დიდი მხარდაჭერა აქვს.  

 

ფოტო: https://inosmi.ru/social/20170510/239308545.html

 

ამავე კატეგორიაში