სადარბაზოების დეზინფექციის მოტივით, ''თაღლითები'' ფულს აგროვებენ

07 მაისი 2018, 00:00 3777 ნახვა

ბათუმში, საცხოვრებელ კორპუსებში, თაღლითები სადარბაზოების დეზინფექციისთვის ფულს  აგროვებენ. 

ისინი კორპუსის მცხოვრებლებს ატყუებენ, რომ 3 ლარის სანაცვლოდ, სამი თვის განმავლობაში,  სადარბაზოებს მღრღნელების, მწერებისა და თაგვების საწინააღმდეგო ფხვნილით დაამუშავებენ. 

კორპუსის მცხოვრებლებს ეუბნებიან, რომ მერია აღარ აფინანასებს სადარბაზოების შეწამვლის პროგრამას.

ერეკლე სიგუა ბაგრატიონის ქუჩაზე ცხოვრობს, ფულის შესაგროვებლად მასთანაც მივიდნენ. ყვება, რომ მასთან ორი, 18-დან 20 წლის გოგონა იყო. ჰქონდათ მწვანე ფერის სამკერდე ნიშნები, პლანშეტები და ერთნაირი ჩანთები, მეტი დამაჯერებლობისთვის გადახდის დამადასტურებელ მწვანე ქვითრებსაც უტოვებდნენ  "აბონენტებს".  

"ჩემთან პარასკევს იყვნენ, საკმაოდ დამაჯერებლად მოქმედებდნენ. ჰქონდათ სამკერდე ნიშნებით, ასევე ერთნაირი პლანშეტები და ჩანთები. ვკითხე კიდეც, მერია ხომ აფინანასებს სადარბაზოების დეზინფექციასთქო? მითხრეს, რომ პროგრამა შეწყდა და სამი თვის განმავლობაში ისინი მოგვემსახურებოდნენ. ფული მივაწოდე, მაგრამ ხურდა არ ქონდათ, შემდეგ თვეში შემოგივლითო, დამპირდნენ. რამდენიმე მეზობელმა მისცა ფული" - ყვება ერეკლე. 

ერეკლე სიგუა ამ ადამიანების თაღლითობაში მერიის განცხადების შემდეგ დარწმუნდა. უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ სადარბაზოების შეწამვლის პროგრამა კვლავ მუშაობს და ის ბათუმელებისთვის უფასოა.  

"ვფიქრობ, გოგონებმა არ იციან თაღლითური სქემის შესახებ, ალბათ ისინი დაიქირავეს. დამრჩა შთაბეჭდილება, რომ კარგად ორგანიზებული ჯგუფი მუშაობს, რომელებიც ახალგაზრდებს ერთჯერადად უხდის თანხას და აქსესუარები აძლევს, რომ თავად არ დაფიქსირდნენ. სტუდენტების დაქირავება იაფია. მოკლედ, კარგად გათვალეს" - ამბობს ერეკლე სიგუა. 

გუშინ, 6 მაისს, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერით შპს ,,სანდასუფთავებამ’’  გაფრთხილება გაავრცელა.  უწყება მოქალაქეებს სთხოვს არ გადაიხადონ თანხა სადარბაზოების დეზინფექციისთვის, რადგან პროგრამას მერია უფასოდ ახორციელებს.  

"ბოლო პერიოდში დადიან გარკვეული ჯგუფები, რომლებიც მოქალაქეებს აღნიშული მომსახურების სანაცვლოდ, თანხას სთხოვენ. ისინი მერიასთან  კავშირში არ არიან, ჩვენ სადარბაზოების დეზინსექციას სპეციალური ხსნარით თვეში ორჯერ, ხოლო იტალიური ეზოების თვეში ერთხელ, უფასოდ ვანხორციელებთ" -  განმარტავენ შპს ,,სანდასუფთავებაში'’.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ თაღლითობის შესახებ უწყებაში შეტყობინება არ შესულა, შესაბამისად, ფაქტზე მოკვლევა არ დაწყებულა. 

 

ფოტო: შპს "სანდასუფთავების" ოფიციალური ფბ გვერდი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი